ახალი ამბები

პენიტენციური უარყოფს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს

3 ნოემბერი, 2021 • 1063
პენიტენციური უარყოფს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ ციხეში შევიდა “ვივამედის” ანგიოლოგი და დაგეგმილია პულმონოლოგის პრევენციული ხასიათის ვიზიტი.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ”, — აცხადებს პენიტენციური სამსახური და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს ცენტრ “ემპათიის” მიერ შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმი, თუმცა ნებართვა ჯერ არ მუღიათ.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს საქართველოში და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი