ახალი ამბები

„გვარი დამიბრუნე“ – რა გადაწყვიტა პარლამენტმა საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კანონპროექტზე

2 ნოემბერი, 2021 • 4173
„გვარი დამიბრუნე“ – რა გადაწყვიტა პარლამენტმა საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კანონპროექტზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ხელმოწერების არასაკმარისი რაოდენობის მოტივით უარი განუცხადა საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემს ე.წ. გვარების დაბრუნების კანონპროექტის დარეგისტრირებაზე, თუმცა განაცხადა, რომ მმართველი გუნდიც გეგმავს მსგავსი კანონპროექტის მომზადებას და საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შეეძლებათ, „თავიანთ ტრადიციულ გვართან შეუსაბამო გვარი შეცვალონ“.

რა ხდება?

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების ნაწილი უკვე დიდი ხანია, ამბობს, რომ სურთ, მათ გვარებს რუსული დაბოლოება ჩამოშორდეს, რადგან ამას საბჭოთა/რუსული ოკუპაციის არასასურველ ანდერძად მიიჩნევენ.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების გვარები, – ისევე, როგორც აზერბაიჯანში მცხოვრებლებისა, – ხშირად ბოლოვდება რუსული, ოვ-ევ სუფიქსით. თუმცა ისტორიული დასახელება ხშირად სხვანაირია ხოლმე. ასე, მაგალითად:

ხალილოვი – ხალილლი
მამედოვი – მამადლი
ისმაილოვა – ისმაილი
ალიევი – ალისოი
გულმამედოვა – გულმამედლი და ა.შ..

ამ იდეის შესაბამისი კამპანია, სახელწოდებით „გვარი დამიბრუნე“, 2020 წლის დასაწყისში წამოიწყო სამოქალაქო პლატფორმა „სალამმა“.

2021 წლის ზაფხულში „სალამმა“ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ხელმოწერების შეგროვების კამპანია, რათა პარლამენტში ამ შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა და კანონით დადგენილი ხელმოწერების რაოდენობა წარედგინა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა კანონპროექტი ივლისში წარუდგინა პარლამენტს, ხოლო 27 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოში 26 298 ხელმოწერა დაარეგისტრირა.

რა გადაწყვიტა პარლამენტმა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი 26 298 ხელმოწერიდან პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მითითებული მონაცემების არასრულყოფილად შესრულების გამო:

  • ბათილად ჩაითვალა 3 370 ხელმოწერა;
  • ნამდვილად ჩაითვალა 22 928 ხელმოწერა.

რის საფუძველზეც კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა კანონპროექტის წარდგენის უფლებაზე, რადგან კანონით საჭირო იყო 25 000 ხელმოწერა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ „მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, საკითხი არ დაზიანდება“:

„რამდენიმე დეპუტატს გვაქვს მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გადაფარავს აქ დასმულ საკითხს. აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანებისთვის ეს სამართლებრივი მექანიზმი გაჩნდება, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თავის ტრადიციულ გვართან შეუსაბამო გვარი შეცვალონ და მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ფორმით ჩამოაყალიბონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„მზად ვართ თანამშრომლობისთვის“

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „სალამის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ქამრან მამედლის, რომელიც ამბობს:

„მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი და მისი აპარატი აცხადებენ, რომ უარყოფით დასკვნას მიაწვდიან პარლამენტის ბიუროს, ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმის რესურსი, ეს დასკვნა დადებითად შეიცვალოს“.

მისი თქმით, უარყოფითი დასკვნა ხარვეზებს შეიცავს. მაგალითად: „არის რიგი საკითხები, სადაც თარიღი [თვე და რიცხვი] მითითებულია, მაგრამ წელი მითითებული არ არის, რის გამოც ასობით ხელმოწერა ვალიდურად არ ჩაითვალა. არადა, ეს ხელმოწერები 45 დღის განმავლობაში გროვდებოდა მხოლოდ 2021 წელს და გონივრულ საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ხარვეზის გამო ამხელა რესურსის წყალში გადაყრა კომიტეტის მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი“.

მამედლის თქმით, საინიციატივო ჯგუფი სამუშაო პროცესშია, ხვდება პარლამენტის წარმომადგენლებს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. „ძალიან დიდი ენერგია და შრომა გვაქვს გაწეული ამაზე და ამ რესურსის ფუჭად გატარება არ გვსურს“.

ამასთან, როგორც ქამრან მამედლი ამბობს, საინიციატივო ჯგუფს სურს რეალური შედეგის მიღწევა, შესაბამისად:

„თუ იქნება სხვა ალტერნატიული მექანიზმები, რომლის გამოყენებითაც ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება ისე, რომ არცერთმა პოლიტიკურმა გუნდმა არ მიიწეროს საკუთარ თავზე ეს ყველაფერი და ამ საკითხის პოლიტიზება არ მოხდეს, ჩვენ ამაზეც მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან“ , – განუცხადა ქამრან მამედლიმ „ნეტგაზეთს“.


სტატიის თავდაპირველი სათაური ჩასწორდა დაზუსტების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი