ახალი ამბები

გამოვლენილ დარღვევებს, შესაძლოა, შედეგებზე გავლენა მოეხდინა ზოგ მუნიციპალიტეტში – NGO-ები

1 ნოემბერი, 2021 • 1269
გამოვლენილ დარღვევებს, შესაძლოა, შედეგებზე გავლენა მოეხდინა ზოგ მუნიციპალიტეტში  – NGO-ები

16 არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გამოავლინეს დარღვევები, რომლებსაც ცალსახად ნეგატიური გავლენა ჰქონდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, საარჩევნო პროცესსა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

“ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, ამ დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობოები განმარტავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს აქტუალური იყო ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების საკითხი, ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები.

“სახეზეა მმართველი პარტიის გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა, რისი მიღწევაც, მათ შორის, სავარაუდო კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება შესაძლებელი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე. უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პროაქტიულად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული. საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მიმართული პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის, ფაქტიურად, წაშლილია”, – განმარტებულია განცხადებაში.

დღეს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, სასამართლო, მმართველი ძალის პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება. ასეთ პირობებში სულ უფრო რთულდება, რომ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კანონისმიერი რეაგირება მოჰყვეს არჩევნების დროს ჩადენილ დარღვევებს და ობიექტურად განისაზღვროს საარჩევნო პროცესზე მათი გავლენის ხარისხი. მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისების არცერთ ეტაპზე არ გამოხატა რეალური ნება ძალაუფლების გაზიარებასთან დაკავშირებით. 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაც ამის აშკარა მაგალითია. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მიუთითებენ მათ საპირისპირო განწყობაზე, რომ არ დაუშვან რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მათი პოლიტიკური კონტროლიდან გასვლა. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარისხი და შედეგები ამ გაცხადებული მიზნის აშკარა დადასტურებაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობოების თქმით, არჩევნები დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდა, რაც საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს.

არასამთავრობოები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, შეცვალონ არსებული პოლიტიკა და “საზოგადოების დაყოფის ნაცვლად მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები”. მათი განცხადებით, ახალა სწორედ ხელისუფლების ხელშია “საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
  • მედიის განვითარების ფონდი – MDF
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR
  • საფარი
  • საზოგადოება და ბანკები
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია

.

მასალების გადაბეჭდვის წესი