ახალი ამბები

შესაძლოა, დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა — ISFED

31 ოქტომბერი, 2021 • 1128
შესაძლოა, დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა — ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა.

„თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები  ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“ — მიიჩევს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის ასობით დამკვირვებლი არჩევნების მეორე ტურს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. 

ISFED-ის ცნობით,კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები. ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. ასევე, დღის განმავლობაში დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებიც აღირიცხა. 

აც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

როგორც ორგანზიაცია აცხადებს, არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.  

ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი. 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნებზე შემდეგი სახის დარღვევები აღრიცხეს:

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ერეოდა კომისიის საქმიანობაში. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენელმა დამკვირვებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; 
  • #66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკანონოდ შეზღუდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უფლება. კერძოდ, დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ჩანაწერთა წიგნი დაულუქავი იყო და მითხოვა დოკუმენტის ნახვა. პასუხად, თავმჯდომარემ დოკუმენტი დამალა და დამკვირვებლის მიმართ გამოავლინა აგრესია.

ბათილი ბიულეტენები 

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე, ხმის დათვლის პროცედურის დროს დაფიქსირდა 8 ბიულეტენი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს რეგისტრატორის ხელმოწერა. რვავე ბიულეტენზე ხმა ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული; 
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა რამდენიმე ბიულეტენი დაამოწმა ბეჭდით, მაგრამ არ დაამოწმა ხელმოწერით, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა. აღნიშნულ ბიულეტენებში ხმა დაფიქსირებული იყო ოპოზიციური სასარგებლოდ; 
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე, დაახლოებით 20 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული ხელმოწერით ან ბეჭდით. კომისიამ არ მოახდინა დამრღვევი რეგისტრატორების იდენტიფიცირება. ბიულეტენებზე, უმრავლეს შემთხვევაში ხმა ოპოზიციური პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იყო მიცემული; 
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში გამოვლინდა ბიულეტენების არასათანადოდ შევსების 15 შემთხვევა. კერძოდ, ბიულეტინთა ნაწილზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა, ნაწილზე კი – რეგისტრაციის ბეჭედი. შედეგად ყველა ეს ბიულეტენი გაბათილდა, თუმცა რეგისტრატორებს აღნიშნულის თაობაზე ახსნა-განმარტება არ დაუწერიათ. რეაგირება არ მომხდარა ასევე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან;
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა კომისიის წევრმა ბიულეტენები ბეჭდითა ან/და ხელმოწერით არ დაამოწმა, რის გამოც 4 ბიულეტენი გაბათილდა; 
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა 2 ბიულეტენი, რის გამოც ბიულეტენები გაბათილდა;
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბნის კომისიამ ბათილად მიიჩნია ისეთი ბიულეტენები, რომლებშიც ამომრჩევლის ნება რეალურად იკვეთებოდა. მაგალითად, გადახაზული იყო ერთი კანდიდატი და შემოხაზული – მეორე. ამ მიზეზით გაბათილდა დაახლოებით 10 ბიულეტენი; 
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #39 საუბნო საარჩევნო კომისიამ მერის არჩევნების 6 და მაჟორიტარული არჩევნების 6 ბიულეტენი მიიჩნია ბათილად, იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა.

ბიულეტენების ჩაყრა

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე, ყუთის ზედამხედველმა ზედმეტად მოათავსა სპეციალური კონვერტები ყუთში. ამ ფაქტს უბანზე მოყვა არეულობა და შეფერხდა საარჩევნო პროცესი. ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ ხმის მიცემის საშუალება. Მმოგვიანებით, უბანზე არსებული დაპირისპირების გამო, თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. უბანზე იყო პრაქტიკულად სრულიად უმართავი სიტუაცია და შეხლა-შემოხლა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ადგილზე დაწერა საჩივარი. დამკვირვებელმა თვითონ დაინახა ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა, თუმცა ხმის დათვლის დროს ე.წ „ბალანსი“ შედგა, რაც იწვევს ეჭვს, რომ ბიულეტენების ჩაყრასთან ერთად, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მხრიდან ხელმოწერების გაყალბებას. 

ფიზიკური დაპირისპირება

  • #67 საარჩევნო ოლქის #90 უბანზე დათვლის შედეგად გამოვლინდა დისბალანსი 1 ხმის მეტობით, რაზეც რეგისტრატორმა დაწერა ახსნა-განმარტება. ოპოზიციამ გამოხატა უნდობლობა შედეგების მიმართ, რასაც მოყვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი კომისიის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. 

შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

  • #60 საარჩევნო ოლქის ოზურგეთის #37 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს არ მისცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი, რადგან მისი განმარტებით ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა.

დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში 

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #62 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 3-ით მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. საგულისხმოა, რომ ხმების დათვლისას, ერთი კონვერტიდან ამოვიდა ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენი. 

დაულუქავი დოკუმენტაცია

  • #69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის #3 და #10 საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნები არ იყო დალუქული; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან შემოსული ჩანაწერთა წიგნი არ იყო დალუქული.

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე,  სამაგიდო სიაში, ერთ-ერთ რეგისტრატორის ხელმოწერის გასწვრივ ამომრჩევლის ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიუხედევად იმისა, რომ ხელმოწერა არ ფიქსირდებოდა, მონაცემი მაინც აისახა ხელმოწერების საერთო რაოდენობაში; 
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში მყოფი 11 ამომრჩევლიდან ყველამ მიიღო მონაწილეობა როგორც მერის, ასევე – საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში, მაშინ, როდესაც 4 მათგანს არ ჰქონდა მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

  • #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში განთავსებული იყო „ქართული ოცნების“ დროშა, რაზეც თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება სრულად იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი