ახალი ამბები

დისტანციურ სწავლებაზეა 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი – ბოლო კვირის მონაცემები

29 ოქტომბერი, 2021 • 1527
დისტანციურ სწავლებაზეა 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი – ბოლო კვირის მონაცემები

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე ქვეყნის მასშტაბით გადავიდა 218 სკოლა და 415 ცალკეული კლასი.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული დაბალია წინა კვირის მონაცემებზე. განათლების სამინისტროს თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს:

„ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 218 სკოლა და ცალკეული 415 კლასი, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ასევე შედარებით დაბალი მაჩვენებელია. მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკისჯგუფის 142 მასწავლებელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით“, – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. უწყების ცნობით, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გამოვლენისთანავე ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე:

„სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი