შსს-ს ცნობით, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.
1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მისი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ჩზ“-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოიღებულია „ჩზ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი შაშხანა, 3 მჭიდი და 45 საბრძოლო ვაზნა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ზ.ჯ. ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ჯ.შ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ტტ“- ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.