ახალი ამბები

ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაური ადასტურებს, რომ არჩევნებში „ოცნებას“ ეხმარება

26 ოქტომბერი, 2021 • 3282
ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაური ადასტურებს, რომ არჩევნებში „ოცნებას“ ეხმარება

ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია ადასტურებს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმების მობილიზებაში ეხმარება.

„კი, „ოცნებას“ ვეხმარები. რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი ხალხია, კარგი საქმის გამკეთებლები არიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ. ჩემს ავტორიტეტს ვიყენებ, თვითონ გადაწყვეტენ“, — განუცხადა დათო შენგელიამ „ფორმულას“.

„ტყის ძმები“ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება იყო, რომელიც 1990-იან წლებში აფხაზეთში საქართველოს რეგულარული არმიის დამარცხების შემდეგ პარტიზანულ ბრძოლებს განაგრძობდა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზუგდიდში, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში, რუსთაველის #48-ში და #66-ში მოქმედებს „ქართული ოცნების“ ორი არაფორმალური შტაბი, რომელთა მიზანს წარმოადგენს ოპოზიციური მხარდამჭერებისგან პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.

წითლიძემ გამოაქვეყნა სია ადამიანების, ვინც მისი ცნობით არაფორმალური შტაბების საქმიანობაში არიან ჩართული და მათ შორისაა ყოფილი „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია შვილთან ერთად.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის რაიონულ ორგანიზაციაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ რუსთაველის #48-ში ფუნქციონირებს “ქართული ოცნების” ზონალური შტაბი, ხოლო 66-ში განთავსებულია მხარდამჭერთა შტაბი, რომლის შექმნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა.

“ვახო კუტალია, ვის სახლშიც არის შტაბი, არის მამუკა წოწერიას [ზუგდიდის მერობის კანდიდატი] მეგობარი. დათო შენგელია შეიძლება მოვიდეს შტაბში ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი მხარდამჭერი”, — ამბობენ “ოცნებაში”.

პარტიაში “ფეიკს” უწოდებენ ინფორმაციას პირადბის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ და ამბობენ, რომ ენმ-მ ამის დამადასტურებელი ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი