ახალი ამბები

ბურჭულაძე ამბობს, რომ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, სამხატვრო ხელმძღვანელი უარყოფს

26 ოქტომბერი, 2021 • 1067
ბურჭულაძე ამბობს, რომ ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს, სამხატვრო ხელმძღვანელი უარყოფს

ენმ-ის მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩასული საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში დასთან შეხვედრა ვერ მოახერხა.

“დღეს მინდოდა, თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან. ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს.

რატომღაც, არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ, ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება, გვერდით დაგიდგებით”, — წერს ბურჭულაძე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძე ოპერის თეატრში არ შეუშვეს, თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ გაავრცელა.

“დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს, ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული. ეს იგივეა, მესი რომ ჩამოსულიყო “ტორპედოს” სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ”, — წერს შუშანია.

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძეს პირისპირ შეხვედრაზე უარი უთხრა, თუმცა უარყოფს, რომ მომღერალი თეატრთან იყო მისული და დასთან შეხვედრაზე უარი ეთქვა.

“ტყუილია. არ ყოფილა ასეთი რამ. როგორ შეიძლება, პაატა ბუჭულაძე არ შეუმოუშვა ოპერაში? მე დამირეკა მისმა წარმომადგენელმა, პაატა ბურჭულაძეს თქვენი გაცნობა უნდაო. მე დავუდასტურე პატივისცემა და ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნები, ბურჭულაძე ჩვენს თეატრში თუ იმღერებს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს, ახლა არ შევხვდები”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ლომინაძემ.

ლომინაძე ამბობს, რომ სამუსიკო სასწავლებლის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ვერ მოეხერხებინა დღეს თეატრის დასთან ბურჭულაძის შეხვედრის ორგანიზება, თუმცა მსგავსი თხოვნა არ ყოფილა.

“არ ვიცოდი, თუ თეატრის დასთან შეხვედრა უნდოდა, მსგავსი რამ არ უთხოვიათ. რა უფლება მაქვს, პაატა ბურჭულაძე მუსიკოსებს არ შევახვედრო? მიტინგები რომ ტარდება, დასის წევრები დამოუკიდებლად მიდიან. როგორ დავუშლიდი ვინმესთან შეხვედრას. არ ვიცი, რაში დასჭირდათ ასეთი ტყუილი”, — ამბობს ლომინაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი