ახალი ამბები

ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

26 ოქტომბერი, 2021 • 1580
ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 უცხოელი ელჩი ქვეყნიდან აღარ გააძევა.

ერდოღანის თანახმად, 25 ოქტომბერს ელჩების მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადება, რომ ისინი თურქეთის შიდა საქმეებში არ ერევიან, არის მათ მიერ უკან დახევა.

„განცხადება აჩვენებს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცილისწამებიდან უკან დაიხიეს. ახლა უფრო ფრთხილად იქნებიან“, – განაცხადა ერდოღანმა.

აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ახალი ზელანდიის, კანადის, ნიდერლანდების, დანიის, ნორვეგიის, ფინეთის და შვედეთის ელჩებმა ციხეში მყოფი თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლებას დაუჭირეს მხარი, რის გამოც ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს მათი ქვეყნიდან გაძევება დაავალა.

საპყრობილეში მყოფ კავალას, მათ შორის, ედავებიან თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს გამოტანილი არ აქვს განაჩენი, მიუხედავად ამისა, ის 4 წელია, ციხეში იმყოფება.

იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანის მთავრობა ელჩებს ქვეყნიდან გააძევებდა, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება თურქეთსა და დასავლეთს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ელჩების ქვეყნიდან შესაძლო გაძევების წინ რეკორდულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა – ლირა. 25 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 9.85 ლირა ღირდა. ამჟამად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 9.58 ლირაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი