ახალი ამბებიეკონომიკა

ახალი უძრავი ქონება თბილისში, შარშანდელთან შედარებით, 8.9%-ით გაძვირდა — საქსტატი

25 ოქტომბერი, 2021 • 3031
ახალი უძრავი ქონება თბილისში, შარშანდელთან შედარებით, 8.9%-ით გაძვირდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, თბილისში ახალი საცხოვრებელი ბინები და სახლები 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალოდ, 8.9 პროცენტით გაძვირდა.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, თუმცა ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოს მონაცემთან შედარებით, ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილება წინა წლის საშუალოსთან, წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან და წინა კვარტალთან შედარებით – საქსტატი

2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-4.6 პროცენტი).

2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე- 7.3 პროცენტით.

 

2021 წელს თბილისის უბნებში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ახალაშენებული ბინებისა და კერძო სახლების სეგმენტში – საქსტატი 


საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს თბილისში. ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე, ანალიტიკოსების, მკვლევრებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით. ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price).

RPPI-ის გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული მიდგომის მიხედვით, RPPI ასახავს „ტიპური“ საცხოვრებლის ფასის დროში ცვლილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი