ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატები: მოვითხოვთ უახლოეს საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზების საკითხი

24 ოქტომბერი, 2021 • 1276
სააკაშვილის ადვოკატები: მოვითხოვთ უახლოეს საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზების საკითხი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები განცხადებას აკეთებენ და იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვენ უახლოეს საათებში გაკეთდეს განცხადება, რომლითაც გამოირიცხება სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა და საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის პირობა გასცეს.

როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილ ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში საუბარია სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე, ციხის კლინიკა კი ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს:

„ამჟამად დღეისთვის უკვე დამამშვიდებელი განცხადებები ან დამაიმედებელი განცხადებების გაკეთება შეუძლებელია. საჭიროდ ჩავთვალეთ დღეს მივმართოთ საზოგადოებას და ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და კონსილიუმის მხრიდან. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არ ყოფილა განხილვა სამოქალაქო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსილიუმის დასკვნას, რამეთუ ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ წარმოადგენს კონსილიუმის დასკვნითვე გათვალისწინებულ C კატეგორიის შერეულ მულტიფუნქციურ კლინიკას.

აქ არ არის არამხოლოდ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ჩვენ ველოდებით ახსნა განმარტებას თუმცა ვიცით, რომ არ არის ციხის კლინიკაში მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი და ასევე დოპლერი რაც პირდაპირ არის ჩაწერილი კონსილიუმის დასკვნაში. ამას გარდა არსებობს გულის გაჩერების რისკი და შესაბამისად ამ კლინიკაში, ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე, კერძოდ ინტერვენციული კარდიოლოგია. აღნიშნული ამ კლინიკაში არის შეუძლებელი. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პროფილის ექიმები აირან ციხის საავადმყოფოში არ იძლევა ეს შესაძლებლობას სხვადასხვა პროფილის მომსახურება გაეწიოს სრულფასოვნად“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამიას თქმით, გარდა ჯანდაცვისა, ციხის კლინიკაში გადაყვანა უსაფრთხოების რისკებსაც შეიცავს. კერძოდ, ნიკა გვარამია ამბობს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შესაძლოა მოეწყოს იმიტირებული ბუნტი, რაც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით შესაძლოა დასრულდეს:

„უსაფრთხოების საკითხი, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის .ე.წ. საავადმყოფოში არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იუსტიციის სამინისტროს განცხადებით არის თითქოსდა მისი უსაფრთხოებისთვის. პირიქით, ჩვენი ინფორმაციით ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ჩვენი ინფორმაციით ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების ორგანიზებით. კერძოდ, იქნება იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით. ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ და პირდაპირ ვაცხადებთ, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემების გამო მიხეილ სააკაშვილის არ შეიძლება იყოს გადაყვანილი ციხის სტაციონარში“ – ამბობს გვარამია.

მისი თქმით, ადვოკატები მოითხოვენ მიმდინარე საათებში გადაწყდეს ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზების საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო. ამასთან, ადვოკატები ითხოვენ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ექიმებთან ერთად ჩართვას, რადგანაც მათი შეფასებით, ეს ჯანდაცვასთან ერთად უფლებადაცვითი საკითხიცაა:

„ვთხოვთ სახალხო დამცველს მოახდინოს დაუყოვნებლივ მონიტორინგი როგორც ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან რომელიც წარმოგვიდგინა დასკვნით კონსილიუმმა. მივმართავ კატეგორიულად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ჩვენი ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზება უნდა მოხდეს სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც იქნება მრავალპროფილური. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება და განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, დილის საათებში, ექსპრეზიდენტმა ბათუმში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოში დაბრუნდა.

პროკურატურის თანახმად, სააკაშვილი ქვეყანაში მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 28 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალური გზებით.

უწყების თქმით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები.

სააკაშვილის გარდა, მისთვის დახმარების გაწევისა თუ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ჯამში, 4 პირია დაკავებული.

სანამ დაბრუნდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან მალევე, 2013 წელს დატოვა. ამის შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მას წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება ედება ბრალად. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი