ახალი ამბები

“ოცნება” ქუთაისის მოსახლეობას კვლავ ჰპირდება ელექტრომობილების ქარხნის აშენებას

23 ოქტომბერი, 2021 • 1293
“ოცნება” ქუთაისის მოსახლეობას კვლავ ჰპირდება ელექტრომობილების ქარხნის აშენებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის მოსახლეობას ქალაქში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის აშენებას ჰპირდება. აღნიშნულის შესახებ მან 23 ოქტომბერს ისაუბრა.

ზემოხსენებული ქარხნის აშენების დაპირება “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2019 წელს გასცა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობდა, რომ ქარხანაში წლიურად 40 000 ავტომობილის წარმოება იქნებოდა შესაძლებელი.

“კომპანია “ჩანგანმა”, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის პარტნიორებიც არიან ისეთი მსხვილი გიგანტები, როგორიცაა “ვოლვო”, “ფოლკსვაგენი”, “ფორდი”, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან, შევძლებთ, ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები”, — აცხადებდა ის.

დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეში “ძალიან სერიოზული ინვესტორი” იყო ჩართული, თუმცა “შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია”.

“ახლა მე მინდა ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილიც ჩამოტანილია უკვე ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს პროექტი მივიყვანო ბოლომდე იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი, ისტორიული, რომ იტყვიან, მისია”, — დასძინა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი