ახალი ამბები

როცა “ოცნება” ოპოზიციაში იქნება, ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია — მდინარაძე

23 ოქტომბერი, 2021 • 2112
როცა “ოცნება” ოპოზიციაში იქნება, ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია — მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მის პარტიას სჭირდება ის, რაც “სჭირდება ქვეყანას” და ეს “რეალური, საქმეზე ორიენტირებული ოპოზიციაა”.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მან კვლავ გააკრიტიკა “ნაციონალური მოძრაობა”, “ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალა” უწოდა მას და ისაუბრა იმაზე, როგორ და რა პირობებში წარმოუდგენია “ოცნების” გადასვლა ოპოზიციაში.

“როცა “ქართული ოცნება” — ეს, არ ვიცი, 2024 იქნება თუ 2028, როცა იქნება… სულ ხელისუფლებაში ხომ არ ვიქნებით? – ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია.

მაგრამ ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა “ნაც. მოძრაობა” არის მეორე ადგილოსანი. თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ, ამ შემთხვევაში, კოალიციაზე რომ ვსაუბრობთ და ბევრ რაღაცაზე, ადვილია საუბარი.

მაგრამ როცა შენ წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური ძალა გყავს მთავარი ოპონენტი, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე”, — დასძინა მან.

გადაცემაში ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 30 ოქტომბერს 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს — იქ, სადაც პირველივე ტურში გამარჯვებისათვის საჭირო მხარდაჭერა ვერც “ოცნებამ” მიიღო და ვერც ოპოზიციამ.

მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი