ახალი ამბები

NGO-ები: პოლიციის შესახებ კანონპროექტი ზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს

22 ოქტომბერი, 2021 • 1272
NGO-ები: პოლიციის შესახებ კანონპროექტი ზრდის პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „საქართველოს ახალგაზრდა ირუსიტთა ასოციაცია“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები გაუმართლებლად ზრდის პოლიციელების უფლებამოსილებას პირის იდენტიფიცირების დროს და ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკებს აჩენს.

ორგანიზაციების განცხადებით, 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს „პოლიციის შესახებ“ კანონში, კერძოდ კი, პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის ნაწილში.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებებით, პოლიციელს უფლება ენიჭება, პირის იდენტიფიცირების მიზნით ისარგებლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებით, თუკი ივარაუდებს, რომ მისი წარდგენილი პირადობის ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი სხვა მონაცემები არასანდოა. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, განცხადების ავტორების თქმით, პოლიციელი აღარ იქნება ვალდებული, განხორციელებული იდენტიფიცირების ღონისძიების თაობაზე ავტომატურად შეადგინოს ოქმი.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში დღემდე არსებობს პოლიციის მიერ პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის მანკიერი პრაქტიკა, როცა ადამიანები არსებითი დასაბუთების გარეშე ექვემდებარებიან ინტენსიურ საპოლიციო კონტროლს:

“მაგალითად, ქუჩაში ადამიანის გამოკითხვის დროს ნორმად არის ქცეული პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება როგორც ადამიანისთვის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის. აღნიშნული კი ცალსახად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მაგალითს.

ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოქმედებები ტარდება სამართალდამცავის პირადი მობილური-ტელეფონის საშუალებით, საიდანაც მუდმივად არსებობს მონაცემების გავრცელების ან მათი არასათანადოდ გამოყენების რისკები. ამ და იდენტიფიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით, ადამიანთა პირადი მონაცემების შეგროვება ისე ხდება, რომ როგორც წესი, სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მიზნები და აუცილებლობა”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

მათი განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდამცავებს უფლება ენიჭებათ, პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაამუშაონ სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემებიც, თუკი პოლიციელი ვარაუდობს, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები ანდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ შეესაბამება მის ნამდვილ ვინაობას.

საიასა და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხაებით, კანონპროექტის ამ ჩანაწერების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიკაცია და მისი პირადი მონაცემების დამუშავება ისე, რომ ამისთვის ოქმის შედგენაც არ იქნება სავალდებულო:

„ამასთან ერთად, კანონი ბუნდოვნად ტოვებს, საჭიროა თუ არა იდენტიფიკაციის მიზნით მონაცემების დამუშავების თაობაზე მოქალაქის ინფორმირება. გარდა ამისა, კანონპროექტი არ აზუსტებს, რა ტიპისა და მოცულობის მონაცემებზე ექნებათ პოლიციელებს წვდომა, ან როგორ იქნება დაზღვეული, რომ ეს უფლებამოსილება პოლიციელმა ისე არ გამოიყენოს, რომ ამის თაობაზე მოქალაქეს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდოს“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ დღევანდელი კანონმდებლობა სამართალდამცავს ავალდებულებს, პირის იდენტიფიკაციის თაობაზე დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი. შესაბამისად, მათი განცხადებით, დამკვიდრებული საპოლიციო პრაქტიკა, რომლის დროსაც პოლიციელი არ ადგენს იდენტიფიცირების თაობაზე სათანადო ოქმს, არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია ამ საკითხზე სასამართლოშიც დაიცვას საკუთარი უფლებები:

„დაგეგმილი ცვლილებით კი, თავისი არსით უკანონო და დაუსაბუთებელი საპოლიციო პრაქტიკები კანონის ჩარჩოებში ექცევა და ამ გზით ლეგალური ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა ისე, რომ პოლიციელს ავტომატურად არ წარმოექმნებოდეს ამ ღონისძიების და ოქმების ვალდებულება. მოქალაქეს მხოლოდ ის შესაძლებლობა ექნება, რომ ამ შემთხვევაში 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია.

თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს უფლების დაცვის სათანადო გარანტიად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბუნდოვანია, როგორ აისახება ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებში, მათ შორის აისახება თუ არა ბაზაში შეჩერებისა და გადამოწმების მიზეზები, ან საერთოდ რამდენად განემარტებათ მოქალაქეებს ასეთი უფლების შესახებ ინფორმაცია“, – აცხადებენ ხელმომწერები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის ამ სახით მიღება და მანკიერი საპოლიციო პრაქტიკების კანონის ფარგლებში მოქცევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი