ახალი ამბები

“ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალების” ერთობა — “ლელოსა” და “დროას” მემორანდუმი

20 ოქტომბერი, 2021 • 1200
“ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალების” ერთობა — “ლელოსა” და “დროას” მემორანდუმი

პარტიებმა “დროა” და “ლელო” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 20 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე ითქვა, რომ ხსენებული პოლიტიკური ძალები ქმნიან ერთიან პლატფორმას ქვეყნის პროდასავლური, კოალიციური მმართველობის იდეით.

მემორანდუმის ტექსტის თანახმად, ხსენებული ორი პოლიტიკური პარტია ახლად შექმნილ პლატფორმაზე ელის სხვა პოლიტიკურ ძალებს, პროფესიონალთა ჯგუფებსა და “აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანებს”, რათა “საერთო ღირებულებების გარშემო” გაერთიანდნენ და “ევროპული ტიპის დაბალანსებული მმართველობის შესაქმნელად” იმუშაონ.

“ახალი და ალტერნატიული პარტიების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია”

როგორც “ნეტგაზეთს” “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ განუცხადა, პლატფორმაში “ახალი და ალტერნატიული პოლიტიკური ძალები” გაერთიანდებიან.

მისი თქმით, ამ კონფიგურაციაში “ნაციონალური მოძრაობა” არ მონაწილეობს, თუმცა პლატფორმა ენმ-სთან ითანამშრომლებს “სხვა ფორმატში”, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ 30 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციის წარმატებით დასრულდება და კოალიციურ მმართველობას ჩამოაყალიბებს თბილისში.

“ხელისუფლების ცვლილების გზაზე მნიშვნელოვანია ძველი, უფრო დიდი პარტიების მონაწილეობაც და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ენმ-სთანაც ხელისუფლების ცვლილების მიმართულებით და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების კუთხით.

სწორედ ამ გზაზე ახალი და ალტერნატიული პარტიების თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რათა საქართველოს ხელისუფლებაში არცერთი პოლიტიკური ჯგუფი მოვიდეს ერთპიროვნულად”, — დასძენს ის.

საბა ბუაძე

ბუაძის თქმით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა ახლა ძირითადად ორიენტირდება  თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებზე. მისი სიტყვებით, ადგილობრივ დონეზე “კოალიციური მმართველობის მაგალითები საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც იქნება ერთგვარი მოსამზადებელი [ეტაპი] ეროვნულ დონეზე კოალიციურ მმართველობაზე გადასვლისთვის”.

საპასუხოდ კითხვისა, ხომ არ არის შესაძლებელი, პლატფორმაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები შემდგომ არჩევნებზე ერთი საარჩევნო ბლოკით გამოვიდნენ, ბუაძე დასძენს:

“ჯერ ადრეა ამის თქმა… ჩვენ მიტაცებული სახელმწიფო ივანიშვილს ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ. ამ გზაზე მნიშვნელოავნია, ჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გამოვგლიჯოთ, სანამ ეროვნულ დონეზე ცვლილებებზე იქნება ლაპარაკი”.

საერთო ინტერესები და მიზნები

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს, როდესაც “ადამიანის ღირსება ქვეყანაში გათელილია”, დასავლური არჩევანი “საფრთხის ქვეშაა”, მმართველი პარტია კი საზოგადოების “გახლეჩას” ცდილობს, პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ.

“ეს [პასუხისმგებლობა] არის კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს იმის რწმენას, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ხალხი, რომელსაც გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი, ეროვნული თანხმობით პროდასავლური, ცივილიზებული მშვიდობიანი სახელმწიფო.

დღეს ეს გადის ორ რამეზე: ერთობა და კოალიციური მრავალფეროვნება. ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამ 30 წლის განმავლობაში, რომ ერთპარტიული, ერთ ადამიანზე მორგებული სისტემა, კარგი მიზნებით მოსულიც კი, ღუპავს და ძალიან ბევრ შეცდომას აშვებინებს ქვეყანას”, — დასძინა მან.

ერთპარტიული მმართველობის პრობლემატურობაზე “ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა “ყველა იმ ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქრობს პროდასავლურად, ფიქრობს ქართულად, სახელმწიფოებრივად და ასევე ფიქრობს, რომ საჭიროა ძალიან სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, სამართლიანი მართლმსაჯულება და სხვა”.

ელენე ხოშტარია და მამუკა ხაზარაძე მემორანდუმის ხელმოწერისას

“სწორედ ამის გამო დღეს შევიკრიბეთ პარტია “დროა” და “ლელო საქართველოსთვის”, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი – პროდასავლური, კოალიციური მმართველობა.

ესაა ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ერთ პიროვნებას ან ერთ პარტიას არ ჰქონდეს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს, როგორც უნდა იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ. სწორედ ეს არის იმ კონსულტაციების შედეგი, რომლებიც ელენე ხოშტარიასთან და მის თანაგუნდელებთან გავმართეთ”, — ამბობს ხაზარაძე.

მისი სიტყვებით, ორი პარტიის მიზნები და ამოცანები “ძალიან ბევრ საკითხში” ემთხვევა ერთმანეთს. ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ პარტიები პატივს სცემენ ერთმანეთის განსხვავებებს.

“დროას” ლიდერმა ასევე ახსენა ენმ-ისა და ნიკა მელიას “განსაკუთრებული როლი” იმაში, რომ ოპოზიციური მრავალფეროვნება შემდგარიყო.

ღონისძიებაზე ითქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების “მეორე ტურის არჩევანი არის გადამწყვეტი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი