ახალი ამბები

„სანამ ევროსასამართლო სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს“ – ევროპარლამენტარები

19 ოქტომბერი, 2021 • 1257
„სანამ ევროსასამართლო სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს“ – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეში პოლიტიკური მოტივების შესახებ ეჭვებს:

„საქართველომ პირობა დადო, ხელი შეუწყოს ევროპულ ღირებულებებს და პრინციპებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერია და ევროპული პარტნიორები ელიან ქვეყნის მთავრობისა და მმართველი პარტიისგან ამ პრინციპებისა და სტანდარტების სრულფასოვან იმპლემენტაციას.

ოპოზიციის ლიდერის და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა ბადებს კითხვებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობას. ეს მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაზე და ძირს უთხრის ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას“, – წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერების თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი რისკის ქვეშაა და მთავრობა და მმართველი პარტია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ სიტუაციაზე. ევროპარლამენტარების თქმით, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ ევროპული სასამართლო მისი საქმის განხილვას არ დაასრულებს:

„ისინი არჩევანის წინაშე დგანან-გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გამოწვევა, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, სანამ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ან ყურადღება გაამახვილონ კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე, რაც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, რათა ევროპული მართლმსაჯულებით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი საქმე და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი 2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

თავად სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი