რუსეთი NATO-ში საკუთარი მისიის შეწყვეტას 1 ნოემბრიდან გეგმავს. მიზეზი ალიანსის მიერ რუსული მისიის წევრთა რაოდენობის შემცირება და რუსი დიპლომატების აკრედიტაციის გაუქმებაა.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ლავროვის თანახმად, გარდა რუსეთის მისიისა, NATO-ში, მუშაობას შეწყვეტს ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობა მოსკოვში. ასევე, დაიხურება საინფორმაციო ცენტრი, რომელიც განთავსებულია ბელგიის სამეფოს საელჩოში.
NATO-მ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალიანსში რუსული მისიის წევრთა რაოდენობა 20-დან 10 წევრამდე შემცირდებოდა. ალიანსმა რუს დიპლომატებს ბრიუსელის დატოვება ოქტომბრის ბოლომდე მოსთხოვა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თანახმად, დიპლომატები, რომელთაც ბრიუსელის დატოვება დაევალათ, სინამდვილეში არიან უშიშროების ოფიცრები, რასაც რუსეთი უარყოფს.