ახალი ამბები

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლი გაჩხრიკეს – თბილისში მოკლული ქალის საქმე

18 ოქტომბერი, 2021 • 4131
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლი გაჩხრიკეს – თბილისში მოკლული ქალის საქმე

წუხელ თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. დღეს, 18 ოქტომბერს, პოლიცია ამ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ზურაბ ბერიძე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერია და მოკლულ ქალთან საერთო შვილი ჰყავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ამოიღეს ერთი პერსონალური კომპიუტერი და ერთი ნოუთბუქი.

ბათუმში ზურაბ ბერიძის სახლში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია იმყოფება. მედიის ინფორმაციით კი, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან წუხელ ესროლეს.

„საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ ვაკეთებ კომენტარს“, – უთხრა ზურაბ ბერიძის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსმა ხვიჩა ქადაგიძემ. მან არც ის დაადასტურა, რომ ჩხრეკა ზურაბ ბერიძის სახლში ტარდება.

მოკლული ქალი, ანასტასია შატალოვა ზუსტად ერთი წლის წინ საჯაროდ აცხადებდა, რომ ზურაბ ბერიძემ საერთო შვილი წაართვა. ქალი აცხადებდა, რომ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა მამამ და დედას აღარ აჩვენებდა.

სასამართლომ, დროებით განკარგულების საფუძველზე, ბავშვზე ზრუნვის უფლება დედას მიანიჭა. შესაბამისად, ბავშვი დედასთან იყო.

მოკლული ქალის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, პოლიციას ზურაბ ბერიძის მიმართ შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ამ ორდერს ძალა გაუვიდა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი