ახალი ამბები

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად წუხელ კიდევ 40 ოჯახის ევაკუაცია მოხდა

16 ოქტომბერი, 2021 • 7905
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად წუხელ კიდევ 40 ოჯახის ევაკუაცია მოხდა

წუხელ, 15 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში გადაიყვანეს.

ევაკუაცია გვიან საღამოს მას შემდეგ დაიწყო, როცა ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ საფრთხეს შეიცავს ცხოვრება ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსშიც.

მანამდე 26 მაისის ქუჩიდან 15 ოჯახი იყო გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას.

„დამატებით 40 ოჯახი გავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას, ვინც მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს ცხოვრობს, ეს გაკეთდა უსაფრთხოების მიზნით. ექსპერტიზის წერილობითი და საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს იმაზე, თუ როგორ აისახა სადარბაზოს ჩამონგრევა მეზობელ კორპუსებზე, მაგრამ გვაცნობეს ექსპერტიზის ბიუროდან პირველადი შედეგი, რომ გაიყვანეთ ადამიანები, თუ ეს შესაძლებელია პრევენციის მიზნითო,“- თქვა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ, რომელიც ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს კორპუსში, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად.

„ოთხოვე სადარბაზო უკვე ევაკუირებულია, გაითიშა ყველა კომუნიკაცია, ადამიანები სასტუმრო „ერა პალასში“ გადავიყვანეთ,“ – ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე ქეთი პაპავა.

„პირველ სართულზე დაზიანებულია მზიდი კედლის ნაწილი“ – მერის მოვალეობის შემსრულებელთან გასაუბრების შემდეგ ინფორმაცია საყრდენი კედლის დაზიანებაზე დაადასტურა თავად მერიამ, ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გავრცელებული ამ განცხადებით.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი