ახალი ამბები

შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა – ვოლსკი აქციაზე

15 ოქტომბერი, 2021 •
შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა – ვოლსკი აქციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გუშინ, 14 ოქტომბერს, გამართულ აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ ვერაფერი დაანახა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული ბრალდებები არ იცვლება და ამიტომ, სასამართლოს თავს ვერ მოახვევენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

“შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა. რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც არსებობენ და რომლებსაც დააბიჯეს ფეხი ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სისხლი ადინეს… 10-ჯერ თუ მეტჯერ არა, გაცილებით მეტია საქართველოში, ვიდრე შეკრებილები. მაგრამ რაოდენობით არ მინდა შევაფასო. დემოკრატიული ქვეყანაა, 14-15 ათასი შეიკრიბება თუ, როგორც რუსეთის მედიამ აღნიშნა, 100 ათასი შეიკრიბება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს და ეს არსი არ იცვლება. სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე, მთელი რიგი საკითხები კიდევ არის განსახილველი მის ირგვლივ. მე ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ ყველას, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, მაგრამ სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ, ასეთი დამოკიდებულებაც რომ იყოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ათიათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა თბილისში. “ნეტგაზეთის” მიახლოებითი დათვლით აქციაში დაახლოებით 38 500 [სულ მცირე]- 57 600 [მაქსიმუმ] მონაწილეობდა.

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი