ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორის პასუხი ამძაფრებს ეჭვს, რომ მოსმენები იყო უკანონო — მარიკაშვილი

15 ოქტომბერი, 2021 • 1315
სახელმწიფო ინსპექტორის პასუხი ამძაფრებს ეჭვს, რომ მოსმენები იყო უკანონო — მარიკაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუსი-ის ფაილებში არსებული 6 ჟურნალისტისა და პარლამენტის წევრის ფარულ მოსმენა/მიყურადებას მისი მეთვალყურეობის ფარგლებში არ მომხდარა.

ორგანიზაციის თანახმადვე, ეს ამძაფრებს ეჭვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სუსი უკანონოდ უსმენდა. ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს.

რა ხდება

2021 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არაერთმა ფაილმა გამოჟონა.

ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშუალებებმა 12 სექტემბერს, ღამით მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

გარდა სასულიერო პირებისა, ფაილებში იყო პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების პირადი საუბრების მოსმენის ამსახველი ტექსტები.

GDI-ის საქმეები

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) წერს, 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაცია იცავს ჟურნალისტების: ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, მარიამ გეგუჩაძის, ნოდარ რუხაძის, თათუშა არველაძის, ნანუკა ბრეგაძისა და პარლამენტის წევრის, თინა ბოკუჩავას ინტერესებს.

„ჟურნალისტებმა და პარლამენტის წევრმა გავრცელებულ მასალაში აღმოაჩინეს ინფორმაცია თავიანთი საუბრების უკანონო მიყურადების შესახებ. მათ უშუალო ზიანი მიადგათ დანაშაულის შედეგად, შეილახა მათი კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება“, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

როგორც პრესრელიზიდან ვიგებთ, 2021 წლის 30 სექტემბერს GDI-მ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბრების მოსმენა/მიყურადების კანონიერების გადამოწმება მოითხოვა.

„2021 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული წერილში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გადამოწმების შედეგად, მითითებულ მოსმენა/მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა“, – წერია განცხადებაში.

მარიკაშვილის განმარტება

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ედუარდ მარიკაშვილს, კითხვით, შესაძლოა თუ არა, რომ მოსმენის შესახებ ლეგალური სანქცია გაცემული ყოფილიყო იმ სასულიერო პირთა მიმართ, ვისაც ჩამოთვლილი 7 ადამიანი ესაუბრებოდა. თუმცა მან გვითხრა, რომ ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფები ჩანაწერებში ძირითადად ერთმანეთთან და პროდიუსერებთან საუბრისას ფიგურირებენ.

„მაგალითად, ნოდარ რუხაძის და თათუშა არველაძის შემთხვევაში, მხოლოდ მათი საუბარი იყო ჩაწერილი. ინსპექტორმა გვითხრა, რომ [არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა]“, – ამბობს მარიკაშვილი.

„ამასთან, ჟურნალისტების შემთხვევაში სხვადასხვა პირთან არის ჩაწერილი საუბარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამათ უსმენდნენ“, – ამბობს იგი. მისი თქმით, საუბრის მეორე მხარეს „იყვნენ სასულიერო პირებიც, იყვნენ პროდიუსერებიც და მარიამ გეგუჩაძის შემთხვევაში იყო მეგობარი“.

მარიკაშვილის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის პასუხი არის „დამატებითი მტკიცებულება, რომ დიდი ალბათობით დანაშაულს, უკანონო მოსმენა-მიყურადებას აქვს ადგილი და კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის დარღვევას“.

„ამას გვაფიქრებინებს ინსპექტორის განმარტება, რომ საპროცესო კანონმდებლობის ნაწილში, იმ საკითხების ფარგლებში, რაც მისი საზედამხედველოა, ფაქტობრივად, ადგილი არ ჰქონია მსგავსი პირების მიყურადება-მოსმენას კანონიერად, იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ავტომატურად ჩნდება ამ პირებისთვის შეტყობინების ვალდებულება, რომ უსმენენ. ინსპექტორმა გვითხრა, რომ ასეთი ვალდებულება წარმოშობილი არ ყოფილა, რითაც დაგვიდასტურა, რომ კანონიერად ეს ადამიანები ჩართულები არ ყოფილან“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მარიკაშვილმა.

ის ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მანდატს მიღმა (რაც გულისხმობს სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოსმენებს) არსებობს კონტრდაზვერვითი საქმიანობისას მოსმენა, რასაც ინსპექტორი არ ზედამხედველობს, თუმცა „შინაარსობრივად ეს უნდა უკავშირდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რომ კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში მოსმენები განახორციელონ, რასაც ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ, ამ პირთა მიმართ შინაარსობრივად მსგავსი საკითხი არ შეიძლება მდგარიყო დღის წესრიგში“.

„ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაგვისაბუთოს, არსებობდა თუ არა რაიმე კანონიერი საფუძველი ამ ქმედებისათვის. სხვა შემთხვევაში ეს ეჭვი იქცევა უფრო დასაბუთებულ ეჭვად, რომ მოსმენები იყო უკანონო“, – აცხადებს იგი.

ორგანიზაციის ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორმა GDI-ს განცხადება გადააგზავნა თბილისის პროკურატურაში რეაგირებისთვის, რაც, GDI-ს შეფასებით, „კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ GDI-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული მოსმენა/მიყურადება კანონიერი არ ყოფილა“.

„საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ. ამასთან, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დანაშაულის მსხვერპლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ შეძლონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით, მათ შორის საქმის მასალების გაცნობის, ან/და საქმის მასალების ასლების მიღების უფლებით სარგებლობა“, – წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი