ახალი ამბები

თუ იზოლაციის წესები დაარღვია, შესაბამისი რეაქცია იქნება – სერგეენკო უგულავაზე

15 ოქტომბერი, 2021 • 1800
თუ იზოლაციის წესები დაარღვია, შესაბამისი რეაქცია იქნება – სერგეენკო უგულავაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს თქმით, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, დაარღვია თუ არა გიგი უგულავამ იზოლაციის წესები 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე მისვლით.

ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 ოქტომბერს კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა.

საქართველოში მოქმედი რეგულაციებით კარანტინში/თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი 12 დღეა.

დავით სერგეენკოს თქმით, იზოლაციის წესების დარღვევა და სხვებისთვის საფრთხის შექმნა „არაფრის ფასად არ შეიძლება“.

„ამ საკითხით თამაში არაფრით არ შეიძლება[იზოლაციის წესის დარღვევა], პოლიტიკას და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო და ასეთი საფრთხე არ უნდა დადო საპირწონედ“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ დადგინდა, რომ უგულავამ იზოლაციაში ყოფნის წესები დაარღვია, დაჯარიმდება.

„არის ამის სამსახურები, რომლებიც შეისწავლიან და მიხედავენ“, – განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს 15 ოქტომბერს პარლამენტში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით.

უგულავამ 14 ოქტომბრის საღამოს ფეისბუკ-პოსტში აქციაზე მისვლა იმით ახსნა, რომ სწრაფი ტესტი გაიკეთა, ვირუსი აღარ დაუდასტურდა, აღარ იყო გადამდები და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფჯ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა თბილისში.

„ნეტგაზეთის“ გამოთვლით, აქციაში, სულ ცოტა, 38 500 ადამიანი, მაქსიმუმ კი 57 600 ადამიანი მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი