ახალი ამბები

30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე — მელია

14 ოქტომბერი, 2021 • 1660
30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე — მელია

“30 ოქტომბერს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანად იმისათვის, რომ წინააღმდეგობის გაწევის უნარიც კი არ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს”, — ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს.

მელიას სიტყვებით, სააკაშვილი, რომელმაც “არაფრად ჩააგდო ციხის საფრთხე”, მორალურად უკვე გამარჯვებულია.

“[სააკაშვილის] ამ თავდადებამ რეჟიმი გაბზარა, უსამართლობა დაასუსტა და ძალადობის მუხტი, რომელიც მოდიოდა ხელოვნურად, შეამცირა”, — დასძინა მან.

ენმ-ის თავმჯდომარემ სააკაშვილზე საუბრისას 2003 წლის ვარდების რევოლუცია გაიხსენა და დასძინა:

“ამ ადამიანმა გააკეთა ის, რაც, მოდით, ვაღიაროთ, ვერც ერთმა ჩვენგანმა გავაკეთეთ. ეს ადამიანი არ იმსახურებს, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის ხელით უსამართლო სატუსაღოში იყოს.

არავინ არ უარყოფს და ეს არის ჩვენი, მათ შორის, ენმ-ისა და მიხეილ სააკაშვილის სიძლიერე, რომ დიდი საქმეების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, შეცდომებიც დავუშვი, იმიტომ, რომ ბევრი გამოწვევა მქონდაო.

მაგრამ ვის არ დაუშვია შეცდომა? მაგრამ იმ სასამართლოთი, რომელსაც მურუსიძე განკარგავს ივანიშვილის დავალებით, არანაირი უფლება აქვთ მიხეილ სააკაშვილის გასამართლების. და ვერც გაასამართლებს.

ნდობა არის ნულოვანი ამ სასამართლოს მიმართ”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას, მელიამ თქვა, რომ “30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, იქნება შეუპოვარი”.

“ჩვენ ხელის გაწვდენის მანძილზე გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს.

და თუკი ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იმავეს იკადრებს და რაც 2 ოქტომბერს აკადრა ხალხს — იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ათას მანკიერებას — არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ და კიდევ უფრო მკაფიო ხმას გავაგონებთ.

ოღონდ არამხოლოდ ხმას — ჩვენი ძალა არის უკვე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, სიმრავლეში”, — განუცხადა მელიამ შეკრებილებს.

ენმ-ის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც აქციას შეუერთდნენ. მისივე სიტყვებით, “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს “ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლას”:

“შესაძლებელია, ენმ-ის გულმხურვალე ამომრჩევლის რაღაც რაოდენობას ეს არ მოსწონდეს, როცა ვამბობ, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით. ეს გვინდა”.

მელიამ თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს ასევე უთხრა, რომ იმაზე ბევრნი არიან, “ვიდრე ვინმეს წარმოედგინა”:

არ ვხუმრობთ, ბიძინა ივანიშვილო. არ ვხუმრობთ. ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, სიცოცხლის ფასადაც კი.

ეს სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. არაფერი იმაზე ძვირფასი არ გვაქვს, ვიდრე ჯანმრთელობაა და ვიდრე სიცოცხლეა.

მაგრამ სიცოცხლეც და ჯანმრთელობაც სამსხვერპლოზე მისატანი თუ იქნება, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის მივიტანთ”.


რა ხდება?

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 14 ოქტომბრის საღამოს დაიწყო.

დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

გუშინ, 13 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ექიმთა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, დააკვირდება.

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი