ახალი ამბები

„ევროპელი სოციალისტები“ მთავრობას მოუწოდებენ, „3+3 ფორმატში“ მონაწილეობა განიხილოს

13 ოქტომბერი, 2021 • 1349
„ევროპელი სოციალისტები“ მთავრობას მოუწოდებენ, „3+3 ფორმატში“ მონაწილეობა განიხილოს

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ უმნიშვნელოვანესია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა „3+3 ფორმატში“ ერთობლივი რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. ამასთან, პლატფორმაში მონაწილეობა უნდა იყოს ერთი აუცილებელი დათქმით, რომ რეგიონის სახელმწიფოები უპირობოდ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვევობას და სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

ამის შესახებ ნათქვამია “ევროპელი სოციალისტების” განცხადებაში „3+3 ფორმატთან“ დაკავშირებით.

“ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ. ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ მეზობლების გვერდით. გონება იმისთვის გვაქვს, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებული იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე.

შეთავაზება, რომელიც მივიღეთ ნატოს წევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან, ბევრის მთქმელია. ის რეგიონულ ინტერესებს სცილდება და შეიძლება კარგ გამოცდილებად და საგზაო რუკად იქცეს სხვა რეგიონული პრობლემების გადასაჭრელადაც. მსგავსი წინადადება, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, უპრეცედენტოა და ის ყველა მონაწილემ შეიძლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს”, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს, 13 ოქტომბერს გაავრცელა.

ამასთან, „ევროპელი სოციალისტების“ აზრით, ეს ინიციატივა „მრავალწილად განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გონივრული, თამამი სამეზობლო პოლიტიკით და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით“.

„ევროპელი სოციალისტების“ აზრით, „ეს არის უნიკალური შემთხვევა, რომ „3+3 ფორმატში“ ჩვენი ინტერესები კოლექტიურად დავიცვათ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანები განვახორციელოთ, საჭიროების შემთხვევაში კი ვისაუბროთ ერთი-ერთზე,
რომლის აუცილებლობაც ნამდვილად არის, მაგრამ სხვადასხვა ძალები ყოველ მხრივ ეწინააღმდეგებიან“.

„ევროპელი სოციალისტების“ აზრით, ახალი პლატფორმის მოწინააღმდეგეები „ორკესტრირებულად მოქმედებენ“ და უსაფუძვლო არგუმენტები აქვთ.

„დადგა დრო, რომ მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის პრაგმატულად იმოქმედოს. თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და ქვეყანა ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი სახელმწიფოსთვის საბოლოო დაღუპვა იქნება.

რაც შეეხება, სხვადასხვა განცხადებებს და მთავრობაზე ზოგიერთი ძალების ზეწოლას, მათ ენაზე რომ ვთქვათ, “ბულინგს”, ეს ძალები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, 2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას, რომლის მწვერვალიც 2008 წელს გაჩაღებული ომი იყო“, — ნათქვამია „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებენ „ვარდების რევოლუციას“ და „ოცნების“ მთავრობას მოუწოდებენ, „გაატაროს ყველა ზომა, რომ არ განმეორდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი“.

„გვჯერა, რომ მთავრობა წინ აღუდგება ამ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებსაც ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხა სურთ. დროა, მან იმოქმედოს საქართველოს ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, განიხილოს რეგიონულ პროექტში მონაწილეობის საკითხი. აღნიშნული უთუოდ წაადგება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებას და ხელს შეუწყობს რეგიონში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

3+3 ფორმატის შესახებ

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი