უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სააკაშვილი, რომელიც წარმატებების მიღწევისას ქართველ ერთან ერთად იყო, ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება.
იუშჩენკოს თქმით, 2003 წლიდან 2008 წლის პერიოდს მიმოიხილავს და ამბობს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია და წარმატებული ქვეყანა გახდა. მისი თქმით, მნიშნველოვანია, საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიის უკუსვლა და იზოლაცია.
“ჩემი დღევანდელი სათქმელი უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ, მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.
2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე. თქვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება უსაფრთხო გახდა. გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. თქვენს სახლებში ელექტროენერგია და სითბო უკვე რეგულარულადაა.
მოკლედ, საქართველო შეიცვალა, მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა – აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველო შეუყვარდათ. თქვენ გეწვიათ ათასობით, შესაძლოა, ათიათასობით ინვესტორი, რომლებიც საქართველოსთვის შთამაგონებელი სინერგიის წევრები გახდნენ. მოკლედ, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე, გარედან. მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ.
მაშასადამე, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა. რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და, რაც მთავარია, წარმატებული საქართველო. არც იმ დროს და არც ახლა. მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერ -მინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით:
“დღეს ყველანი ქართველები ვართ, დღეს ყველანი ვართ თბილისი და საქართველოს ოკუპაციას არ დავუშვებთ. ჩვენ თქვენს დედაქალაქს დავიცავთ.”
მტერი არ მოსულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვება იყო. მილიონობით ქართველისა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში და არამხოლოდ ქართველებისა.
ყველა ეს მოვლენა, რომელზეც მოვყევი, იყო არა მარტო ერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიის უკუსვლა და იზოლაცია.
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!”, – აცხადებს იუშენკო, რომლის მიმართავაც ქართულ ენაზე მიხეილ სააკაშვილის გვერდზე ვრცელდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა








