ახალი ამბები

სააკაშვილის პატიმრობა სცდება მხოლოდ ენმ-ის ინტერესებს – ხოშტარია 14 ოქტომბრის აქციას შეუერთდება

12 ოქტომბერი, 2021 • 1237
სააკაშვილის პატიმრობა სცდება მხოლოდ ენმ-ის ინტერესებს – ხოშტარია 14 ოქტომბრის აქციას შეუერთდება

“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას შეუერთდება, რადგან მისი პატიმრობა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს სცდება. ამის შესახებ ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“ჩემი ლოგიკა არის ის, რომ სააკაშვილის პატიმრობა სცდება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს. ეს არის უსამართლობა, მიუხედავად იმისა, რომ მე არც ვარ და არც ვაპირებ, რომ ვიყო ენმ-ის პარტიის წევრი[…] ჩემი კრიტიკა ენმ-ისა თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად რჩება იგივე, რაც მქონია და მომავალშიც ასე იქნება.

მე ასევე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, იქნება ეს სააკაშვილი თუ სხვა, არ არიან ხელშეუხებლები და ყველა ის კითხვა, რაც არსებობს სამართლებრივი მათ მიმართ, უნდა იყოს დასმული. ოღონდ ამ ყველაფერს, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება, არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლის დადგენასთან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნების” პირობებში სასამართლო არ არსებობს და ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა, ამ სისტემაში უნდა დაიცვა.

“ჩემს თავს რომ დავუსვა კითხვა – რატომ არ უნდა წავიდე ამ აქციაზე, სადაც მოთხოვნა არის სამართლიანი, ალბათ, ერთადერთი პასუხი რაც იქნებოდა, რომ ასოცირება არ მინდა ან კომფორტული არ არის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის უსამართლობის მსხვერპლი და რომლის დაცვაც არ არის კომფორტული. ნებისმიერი ადამიანი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რომელიც არის უსამართლობის მსხვერპლი, უნდა დაიცვა ამ სისტემაში.  ამიტომ, რა თქმა უნდა, მივდივარ[აქციაზე]. სხვა პარტიები თავად იტყვიან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას აანონსებს.

ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ ზუგდიდის დღევანდელ აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის აქცია უკავშირდება, ერთი მხრივ, გაყალბებულ არჩევნების გაპროტესტებას, ხოლო მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

14 ოქტომბრის აქციას არ უერთებიან სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის: “ლელო”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “რესპუბლიკური პარტია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი