ახალი ამბები

სააკაშვილს პენიტენციურის სამედიცინო პერსონალისგან ადეკვატური ყურადღება ექცევა – ომბუდსმენი

12 ოქტომბერი, 2021 • 1260
სააკაშვილს პენიტენციურის სამედიცინო პერსონალისგან ადეკვატური ყურადღება ექცევა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს და უარყოფითად აფასებს ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლისკენ და კიდევ უფრო ამძიმებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.  ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია საუბარი.

ომბუდსმენის განცხადებით, სააკაშვილის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

მათივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი და დეტალურად აკვირდებიან როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს.

მათივე განმარტებით, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით – სამედიცინო პერსონალთან.

“ამავდროულად, სახალხო დამცველი ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (არტერიული წნევა, პულსი, სატურაცია, გლუკოზა) და სხვა პირადი მონაცემების (მის მიერ შეძენილი ნივთების) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყების ვალდებულებაა, საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება, პირის ნებართვის გარეშე, ერთი მხრივ, ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ – შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.

პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ამიტომ, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

როგორც ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ სააკაშვილი ითხოვს, პირად ექიმს მისი მონახულება ყოველდღე შეეძლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი