ახალი ამბები

NGO-ები: სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება

12 ოქტომბერი, 2021 • 1471
NGO-ები: სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება

ოთხი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება.

ამის შესახებ საუბარია  “ღია საზოგადოების ფონდის”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატიცის” (GDI), “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” და “ადამიანის უფლებების ცენტრის” (HRC) ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა და რეფორმის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლება კვლავ პოლიტიზების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება არ ერიდება პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე.

მათი შეფასებით, აღნიშნულის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე განცხადება, რომლითაც “იგი ღიად და არაორაზროვნად ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მსჯავრდება არის პოლიტიკური შინაარსის, განპირობებულია მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებით და კავშირი არ აქვს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელებასთან”.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება დაუშვებელი და მიუღებელია იმისგან დამოუკიდებლად, პირი დამნაშავეა თუ არა. მეტიც, სწორედ ამგვარი მართლმსაჯულების განხორციელება, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს პირის ბრალეულობის საკითხი. ასეთი პროცესი სრულად ფორმალური ხასიათისაა, მიკერძოებულია და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის საბაზისო მოთხოვნებს”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება, სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

“ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მმართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე, როგორც აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება. თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით ახალისებს მსგავსს პრაქტიკას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

სააკაშვილის დაკავების შემდედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მას სხვა მუხლების დამატებით დაემუქრა, თუ “წესიერად არ მოიქცეოდა”.

“წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გააკეთა.

მოგვიანებით ღარიბაშვილმა თავის მუქარა განმარტა და თქვა, რომ ეს მხოლოდ “თეორიული საუბარი” იყო.

“თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი, თუ დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა. ეს იყო თეორიული საუბარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი