ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გერმანიის 10-მილიონიანი ევროს გრანტით დევნილებისთვის სოფელი აშენდა

12 ოქტომბერი, 2021 • 5792
გერმანიის 10-მილიონიანი ევროს გრანტით დევნილებისთვის სოფელი აშენდა

მარნეულში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა, სადაც დევნილებს სახლებთან ერთად მიწის ნაკვეთებიც გადაეცა.

ოფიციალური ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.

ახალი სოფელი გახსნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

“ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი”, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, პროექტი დამატებით ითვალისწინებს დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლის აშენებას, დევნილთა დასახლებებში 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენებასა და 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი