ახალი ამბები | , , ,

თურქეთში გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებული პირი დააკავეს – მედია

11 ოქტომბერი, 2021 | | 2763
თურქეთში გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვასთან დაკავშირებული პირი დააკავეს – მედია

სტამბოლის პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა და თურქეთის უშიშროების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა 6 პირი, რომელთაგან ერთს, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვაში ბრალდებულ ვასამბეგ ბოკოვთან აქვს კავშირი.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ჩეჩნურენოვანი სერვისი, Kavkaz.Realii ავრცელებს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ექვსივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან.

Kavkaz.Realii-ს თანახმად, დაჯგუფების სამიზნე იყო თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი, ჰასან ხალიტოვი.

„თავისუფლების“ ქართული ბიურო კი წერდა, რომ ჰასან ხალიტოვი,  რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, 2020 წელს საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს, როგორც გაბუნიაზე თავდასხმის მომზადების მოწმე, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ის აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურები მის მოკვლას გეგმავდნენ.

„კადიროვის ხალხი ფიქრობს, რომ გაბუნიას მკვლელობა მე ჩავფუშე, როცა პოლიციასთან მათი კაცი დავასმინე. შესაძლოა, ისინი ამაში თავად ვასამბეკმა დაარწმუნა, რათა ჩემთვის გადმოებრალებინა ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ისინი შეეკითხნენ, თუ რატომ ჩავარდა ოპერაცია“, – ციტირება „რადიო თავისუფლება“ ხალიტოვს.

ჰასან ხალიტოვის თქმით, ახლა შეატყობინეს, რომ მისი მკვლელობის სანაცვლოდ კილერებს 300 000 დოლარს დაჰპირდნენ.

მისი ცნობითვე, თურქეთში დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული, სახელად ბესლან იზნაურ, დაკავშირებულია გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის საქმესთან.

ხალიტოვის თანახმად, სწორედ გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ბოკოვია ის პირი, ვინც მას ბესლანი გააცნო.

„ბოკოვმა რამადანის თვეში თავის სახლში მიმიწვია და ვიდეოკავშირით გამაცნო ბესლანი. გამიკვირდა, რომ ბესლანი თავს იწონებდა, რომ იცნობდა „პატრიოტს“ (აბუზაიდ ვისმურადოვს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს)“, – ამბობს ბლოგერი ჰასან ხალიტოვი.

ჯერჯერობით თურქეთის ოფიციალურ უწყებებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ყალბი დოკუმენტების შეძენა/შენახვა/გამოყენების ბრალდებით დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი (მისი რეალური სახელია მაგომედ გუციევი).

სამი დღის შემდეგ,  მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ცნობები დაკავებულის სავარაუდო გაზრახვაზე,  ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის დაკვეთით მოეკლა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა გამოძიების მიმდინარეობა „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი