ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას | პრემიერი

11 ოქტომბერი, 2021 • 2281
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას | პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა სომხეთში უკანასკნელი ვიზიტი და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით ქართული მხარის და უშუალოდ, საკუთარ როლზე ისაუბრა.

“სომხეთში მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. მოგეხსენებათ ჩემი ინიციატივა, დავიწყოთ რეგიონში თანამშრომლობა და ახალი პლატფორმა შეიქმნას, რომლის ფარგლებში ჩვენ, სამი ქვეყანა, დავიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას და ამ პროცესში საქართველოს და ჩვენ გვაკისრია დიდი როლი”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 ოქტომბერს, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან.

„ჩვენ უკვე შევქმენით მედიაციის წარმატებული პრეცედენტი ივნისში, როდესაც ჩემი უშუალო ძალისხმევით და, ბუნებრივია, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეთანხმებით, მივაღწიეთ წარმატებას, რაც გულისხმობდა პატიმრების გათავისუფლებას და ასევე რუკების გადაცემას აზერბაიჯანისთვის. ამ მიმართულებით მე ძალიან ვაქტიურობ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სწორედ ჩვენი თანამშრომლობა რეგიონის ჭრილში, რეგიონის ფორმატში, და საქართველო აქტიურად შეასრულებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან“, – აღნიშნა პრემიერმა. 

29 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა.

ღარიბაშვილის მედიაციით, ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანში ტყვედ მოხვედრილი სომხეთის 15 მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს სომხურმა მხარემ დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის, მათ შორის, საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი