ახალი ამბები

“დღეს აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას მიმართავს

10 ოქტომბერი, 2021 • 4106
“დღეს აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას მიმართავს

“სახალხო მოძრაობის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართა და აღნიშნა, რომ მელიამ “გამოცდა ვერ ჩააბარა”, რადგან ის სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას დღეს არ შეუერთდა.

“თქვენ არ მოდიხართ მაგრამ მე ყველგან მოვალ საქართველოსთვის. ჩვენ, აქ მყოფები ყველგან მოვალთ და ვინმემ კარგად უნდა გააანალიზოს, მათ შორის ნიკა მელიამაც, რომელსაც მე ვემხრობი, რომ თბილის-ქალაქის მერობა როცა გადაწყვიტე, აქ [რუსთაველზე] უნდა იყო. აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე, აქედან მოგმართავ. ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი.

მამაშენს თბილის-ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო. თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას შენ, ზუსტად ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან და მაინც პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას – შენ ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აი აქ უნდა მდგარიყავი, როგორც გია ბარამიძე დგას, და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე 14-ში აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება. კარგად დაიმახსოვრე”, – მიმართა ჩარკვიანმა მელიას სცენიდან.

დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან “სახალხო მოძრაობის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დღევანდელ აქციას ოფიციალურად არ შეუერთდნენ სხვადასხვა პარტიები, მათ შორის არც “ნაციონალური მოძრაობა”. თუმცა აქციაზე იმყოფებოდა პარტიის წევრი, გია ბარამიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ზუგდიდში მიმდინარე აქციისას დააანონსა აქცია, რომელიც თბილისში 14 ოქტომბერს 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი