ახალი ამბები

მინისტრის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში, სავარაუდოდ, ცხედარი იპოვეს

8 ოქტომბერი, 2021 • 4253
მინისტრის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში, სავარაუდოდ, ცხედარი იპოვეს

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ადგილას, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლის ამოსვენებსაც მაშველები ამჟამად ცდილობენ. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისი თქმით, უკვე ამოყვანილია ორი ადამიანი, რომლებიც ცოცხლები არიან, ხოლო ერთი, რომელიც მაშველებმა იპოვეს, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. მინისტრის თქმით, მაშველებმა უნდა აწიონ ბეტონის ფილა, ე.წ. სინკარი, რომლის ქვეშაცაა მოყოლილი სხეული.

მინისტრი ვარაუდობს, რომ ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს დარჩენილი. ჯერჯერობით ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი მოყვა კორპუსის ნანგრევებში, შსს-ს არ აქვს. გომელაურის განმარტებით, რამდენიმე ბინა დაკეტილი იყო, ასევე უცნობია, ხომ არ იმყოფებოდნენ ვინმესთან სტუმრები. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეები ვერ ადასტურებენ, იმყოფებოდა თუ არა ბინაში ვინმე, შესაბამისად, შსს-ს უჭირს ზუსტი რიცხვის დასახელება.

___

ბათუმის ცენტრში კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს, ჩამოინგრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი