ახალი ამბები

ნანგრევებში მოყოლილებს შორის არიან ბავშვები, ასევე, 86 წლის ქალი

8 ოქტომბერი, 2021 • 1238
ნანგრევებში მოყოლილებს შორის არიან ბავშვები, ასევე, 86 წლის ქალი

ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად მოყოლილ ნანგრევებში ბავშვებიც არიან.

ცნობილია, რომ იმ კორპუსის სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა, სულ 15 ოჯახი ცხოვრობდა. შსს-ს მხრიდან ჯერჯერობით  დაზუსტებული არ არის, რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში, თუმცა ბათუმის მერიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 8 ადამიანს ეძებენ.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბათუმელების პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ჩამონგრეულ კორპუსში ცხოვრობდა ქალი შვილებთან ერთად, რომელსაც ამჟამად ახლობლები ვერ უკავშირდებიან. ამავე წყაროს ინფორმაციით, საუბარია დედაზე და მის ორ შვილზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან მოყოლილები. მათთან ერთად ვერ უკავშირდებიან ქალის მაზლსაც.

ასევე ცნობილია, რომ ნანგრევებში მოყოლილია სხვა ბინაში მცხოვრები 86 წლის ქალიც.

დღეს, 8 ოქრომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 15 საცხოვრებელი ბინა. 14:48 საათისთვის ნანგრევებიდან არცერთი ადამიანი არ ჰყავთ ამოყვანილი.  ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა. ნანგრევებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა ისმის, რომელიც დახმარებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი