ახალი ამბები

ბათუმის მერიის თქმით, ჩამონგრეულ კორპუსზე ბოლო წლებში არაფერი დაშენებულა

8 ოქტომბერი, 2021 • 1016
ბათუმის მერიის თქმით, ჩამონგრეულ კორპუსზე ბოლო წლებში არაფერი დაშენებულა

ბათუმის მერობის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე ამბობს, რომ ჩამონგრეულ კორპუსზე ბოლო წლებში არ მომხდარა დამატებით არაფრის დაშენება.

თუმცა მიმდებარე კორპუსის სხვადასხვა მცხოვრებლები სხვადასხვა მედიასთან საუბარში, ადასტურებენ, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, კორპუსს ერთი საართული დააშენეს.

„ერთი, რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კორპუსი ავარიული არ იყო, ბოლო წლების განმავლობაში ახალი დაშენება-მიშენება არ განხორციელებულა. ამბობენ, რომ იყო აფეთქების ხმა, თუცმა სხვები ამას გამორიცხავენ. გაზი, შუქი, ყველაფერი შეწყვეტილია მიწოდება, რომ რაიმე არ მოხდეს”, – ამბობს ლელა სურმანიძე ჟურნალისტებთან.

აღიშნულ კორპუსს, რომელიც 26 მაისის და მემემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დგას, ჰქონდა ლიფტიც. „ბათუმელების“ კორესპონდენტი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლიფტი იყო „მსუბუქი კონსტრუქცია“ და არ ყოფილა კორპუსში ჩაშენებული. შესაბამისად, ოფიციალური ვერსიით, ის ნგრევის მიზეზი, სავარუდოდ, ვერ გახდებოდა.

ბათუმის მერიაში ასევე ამბობენ, რომ არ იყო გაცემული სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოებზე ნებართვა, ხოლო მუნიციპალურ ინსპექციას არ დაუფიქსირებია უკანონო სამუშაოები. თუმცა მცხოვრებლები ასევე ამბობენ, რომ პირველ სართულზე, სილამაზის სალონში მიმდინარეობდა რემონტი.

სხვა დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ.

რა მოხდა ბათუმში?

დღეს დილით, დაახლოებით, 12 საათისთვის ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთაში კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევის მიზეზი უცნობია, თუმცა ჩამონგრეულია მთლიანად სადარბაზო. ნანგრევებში მოყოლილი არიან ადამიანებიც.

ამ ეტაპისთვის მოხერხდა მხოლოდ ბავშვის ამოყვანა, რომელიც კორპუსის წინ მანქანაში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

3 საათის შემდეგაც კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ამბობს, კონკრეტულად რამდენ ადამიანს ეძებენ ნანგრევებში. თუმცა მერია აცხადებს, რომ აქ დაახლოებიოთ, 15 ადამიანი ცხოვრობდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი