ახალი ამბები

ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულებზე ინფორმაცია ზუსტდება — შსს ბათუმზე

8 ოქტომბერი, 2021 •
ნგრევაზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულებზე ინფორმაცია ზუსტდება — შსს ბათუმზე

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობა გამოიყვანეს. ამის შესახებ ნათქვამია ბათუმში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“…ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები”, — ამბობს უწყება.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და “აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები”:

“ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე.

დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები”.

განცხადების მიხედვით, შსს აჭარის მეზობელი რეგიონებიდანაც ახორციელებს დამატებითი ძალების მობილიზებას. ინციდენტის ტერიტორია შემოსაზღვრულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, — ვკითხულობთ განცხადებაში.


ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.

მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში. ნანგრევებში ათამდე მანქანაა მოყოლილი.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნანგრევებს შორის მოყოლილი მანქანიდან 6-7 წლის ბავშვი გამოიყვანეს. იგი ცოცხალია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/369335/

მასალების გადაბეჭდვის წესი