ახალი ამბები

არაწინასაარჩევნო პროგრამა წინასაარჩევნოდ

2 თებერვალი, 2010 •
არაწინასაარჩევნო პროგრამა წინასაარჩევნოდ

“..{ეს} არის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა სამუშაო იპოვოს” – განაცხადა თბილისი მერმა გიგი უგულავამ 1 თებერვალს მერიის უფასო ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი პროგრამის პრეზენტაციისას, თუმცა სხვადასხვა დასაქმების ონლაინ, თუ ბეჭდვითი გამოცემების ზოგად სტატისტიკას დავეყრდნობით, განყოფილებებში “ვეძებ სამსახურს,” თითქმის ყოველ მეოთხე სამსახურის მაძიებელს უწერია საკუთარ უნარ-ჩვევებში “ვფლობ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს, ინგლისურს საშუალოდ.”
მერიაში აცხადებენ, რომ ეს წინასაარჩევნო პროგრამა არ არის.

“ეს ყველა თვალსაზრისით კარგია, ქვეყნის განვითარებისთვისაც, მოდერნიზაციისთვისაც, კომუნიკაციის შესაძლებლობების გაფართოება და რაც მთავარია, შესაძლებლობა, რომ ადამიანმა სამუშაო იპოვნოს” – ამ სიტყვებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ უფასო ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი პროექტი დაახასიათა. უგულავაა პროექტის იდეის ავტორიც.  

“თუ ვინმეს გონია, რომ ეს პროგრამა არჩევნებისთვის არის (საუბარია მერის არჩევნებზე, რომელიც მაისშია დანიშნული) არ მთავრდება (პროექტი) წლის ბოლოს. ეს არ არის ერთ წლიანი. ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა” – აცხადებს თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ზვიად არჩვაძე
მისივე აზრით, ამ პროექტს არაფერი საერთო არა აქვს 2007-2008 წლების, წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში  “დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამასთან.”

თბილისის მერიის ახალი პროექტი, თბილისელებს სთავაზობს დაწყებითი ინგლისური ენისა (სამთვიან) და კომპიუტერის (ერთთვიან) უფასო შემსწავლელ კურსებს. პროექტისთვის 2010 წელს გამოყოფილია ერთი მილიონი ლარი.  იგივე თანხაა  გათვალისწინებული მომავალ წლებზე: “პროექტი სამი წლის განმავლობაში არის გაწერილი ბიუჯეტში, მეტი, კანონი არ იძლევა ამის საშუალებას”– ამბობს ზვიად არჩვაძე.  

კურსების გასავლელად უკვე დარეგისტრირებულია 23 ათასი ადამიანი, რომლებიც თბილისის 37 სასწავლო ცენტრში გაივლიან მომზადებას. თითოეულ ცენტრში ერთდროულად ორი ინგლისური ენისა და ორი კომპიუტერის შემსწავლელი ჯგუფი ივლის. ახალი ჯგუფები კი (ორი ინგლისურის და ორი კომპიუტერის) პირველი ნაკადის სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყებენ სწავლას. ვინც წარმატებით გაივლის სასწავლო კურსს გადაეცემა სერთიფიკატი, დანარჩენებს კი “მოისმინა”.

კურსების გავლის მსურველმა უნდა აირჩიოს ან ინგლისური ენის კურსი, ან კომპიუტერის კურსი. ორივეს ერთდროულად არჩევა არ შეუძლია.  “თუ ჩვენ გვინდა რომ ამ ადამიანებს ვასწავლოთ, უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. მეც მივლია ინგლისურზე და ვიცი, ყოველდღე რომ გაკვეთილი გაქვს, ხომ უნდა ისწავლო მერე, სახლში რაღაც გააკეთო. ზოგიერთი მათგანი მუშაობს, ან ოჯახში რაღაც საქმე აქვს და დროის გამონახვა არის საჭირო იმისთვის, რომ მოამზადო ეს ყველაფერი. მეორე ის არის, რომ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება ამ პროექტში მონაწილეობის  მიღებისა. ვიღაცას შეიძლება ორივე ჭირდებოდეს, ვიღაცას მარტო ინგლისური უნდოდეს და კომპიუტერი იცოდეს. ესეთი ადამიანები ხომ არ უნდა დაგვეჩაგრა? ამიტომ გადავწყვიტეთ, ჯერ ეს დაამთავროს და მერე ღიაა ჩვენი კარი და მეორეში ჩაეწეროს. არანაირი პრობლემა არ არის, არ მთავრდება რეგისტრაცია საერთოდ “ – განმარტავს არჩვაძე.

სწავლა 1 თებერვალიდან დაიწყო, ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – ინგლისური ენის დღეებია, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი – კომპიუტერის; სწავლების დაწყების დრო:    18:30-20:00  ან 20:30-22:00

გლდანი-ნაძალადევის რაიონში 9 სასწავლო ცენტრია გახსნილი. ჯგუფები 20-20 კაციანი შემადგენლობით დაკომპლექტდა. კომპიუტერის შესწავლის მსურველთა რაოდენობა აქ   3 ათას 505–ია, ხოლო ინგლისურისა   2ათასი.   როგორც გამგეობაში განაცხადეს, ყველა მათგანი წელს გაივლის სასწავლო კურსს.

ვაკე-საბურთალოს მუნიციპალიტეტში 753 ადამიანია დარეგისტრირებული, და თითოეულ ჯგუფში ათი კაცია.
პროექტის მიზანი “დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისი უნარჩვევების განვითარებაა ჩვენს მოსახლეობაში, თბილისელებში მათ შორის, რომელიც საჭიროა დღევანდელ ბაზარზე. შესაბამისად, მერე დასაქმება, დასაქმების ხელშეწყობა ამ ხალხისთვის” –ამბობსარჩვაძე.

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, რეზო …მარსაგიშვილი ამბობს, რომ თუ ადამიანმა საერთოდ არ იცის ენა, “სამი თვის განმავლობაში შეიძლება დაეუფლოს მხოლოდ საწყის სტრუქტურებს. საუბრის სხვადასხვა ხარისხები არსებობს, საუბარს შეძლებს, “გამარჯობა გაგიმარჯოს,” “სად მიდიხარ?” “როგორ მიდიხარ,” მხოლოდ ამ დონეზე. გამოიყენებს ელემენტარული ფრაზების აგებაში მხოლოდ..”

“ეს არის კურსი დამწყებებისათვის და არის წიგნი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ცოდნის დონის მიღწევას ინგლისურში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ცოდნა მიიღოს მონაწილემ. თუ ამას ვიღაცა ვერ შეძლებს, ნუ რა ვქნათ ახლა, ყველაფერი შეიძლება. ის რომ აღარ შეუძლია მეორედ დარეგისტრირდეს, წელს აღარ შეუძლია, მაგრამ მომავალ წელს ისევ შეეძლება. პრობლემა არ არის”– ამბობს ზვიად არჩვაძე.

ვაჟა ფშაველას 18 ნომერში მისულს, სადაც სასწავლო ცენტრია გახსნილი, მხოლოდ 5 კომპიუტერი დამხვდა, განმიმარტეს, რომ თითოეული კომპიუტერი ორ ადამიანზეა გათვლილი.

კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტის მაკა გახარიას თქმით, (კომპიუტერის შემსწავლელი კურსები “დისცოვერ”– ის თანამშრომელი) ერთ თვეში ადამიანი ”საოფისე პროგრამას ისწავლის ყოველდღიურად თუ ივლის, სხვა პროგრამები,, თუ საერთოდ შეხება არ ქონია, გაუჭირდება, კომპიუტერს ხომ უნდა შეეჩვიოს.. “

ზვიად არჩვაძე ამბობს, რომ პროექტს გარკვეული ხარვეზები აქვს: “ამხელა პროექტი დავიწყეთ და გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა რაღაც კატასტროფა არ არის.”

თბილისის მერის, გიგი უგულავას თქმით კომპიუტერის კურსები იქნება თვენახევრიანი, ზვიად არჩვაძისა და მუნიციპალიტეტების თქმით კი ერთთვიანი. მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ათიათასი კაცი გაივლის ამ კურსებს, ხოლო  მუნიციპალიტეტებისა და მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეულ ცენტრში (სულ 37 ცენტრია), სამთვიან კურსს ერთდროულად ორი ინგლისურისა და ორი კომპიუტერის ჯგუფი გაივლის, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მეცადინეობას შემდეგი (ორი) ინგლისურისა და (ორი) კომპიუტერის ჯგუფი. ამ მონაცემებით, თითო ცენტრში 4 (ათკაციანი) ჯგუფი, ანუ ორმოცი კაცი ისწავლის სამი თვის განმავლობაში. შესაბამისად 37 ცენტრში სამი თვის განმავლობაში ისწავლის (37 X 40 ზე) 1480 ადამიანი. ხოლო 2010 წელს  (12 თვეში 4 სამთვიანი კურსი მოესწრება) 5920 ადამიანი. რაც შეეხება 23 ათას დარეგისტრირებულ მსურველს, კურსების გავლას, დაახლოებით სამ წელიწადსა და ცხრა თვეს მოანდომებენ.

“იმ პროექტზეც (“დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამა” 2007-2008) მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. ჩვენთან თავისუფალი საზოგადოებაა და ვისსაც როგორ უნდა ისე შეაფასოს, მაგრამ მოდი ამას ასე შევხედოთ, სახელმწიფომ თავის მაცხოვრებლებს მისცა საშუალება, რომ დროებითი სამუშაო ქონოდა. თუ არ შეიძლება შეიქმნას მუდმივი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ქონდათ საშუალება ემუშავათ დროებით. ჩვენც გვქონდა ეგეთი პროექტები. სტუდენტებისთვის გვაქვს ზაფხულში ვასაქმებთ მათ, რა, ცუდი პროექტია? სტუდენტს აქვს საშუალება იმუშაოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს. თუ ის არ არის ცუდი პროექტი, რატო იყო ცუდი პროექტი, რომ ადამიანი დროებით სამუშაოს ღებულობდა? შეიძლება იქაც იყო ხარვეზები, ეს ჩვეულებრივი რაღაცაა, ის რომ ადამიანი ორი თვის განმავლობაში ღებულობდა შემოსავალს ცუდი ამაში რა არის? იმიტომ რომ მარტო ორი თვე მუშაობდა? ნებისმიერ დონორს აქვს პროექტი, ორთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, ყველას ვადიანი პროექტი აქვს, ცუდია ეს? ვმუშაობთ იმ პროექტში, რა მოხდა? მერე შენს უნარჩვევებზეა დამოკიდებული როგორ სამუშაოს იშოვნი. “ ამბობს ზვიად არჩვაძე.

განსხვავებული აზრი აქვს ექსპერტ დავით ნარმანიას: “ეს იყო პროგრამა, რომელსაც არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ მოყოლია. იპოვნით ვინმე ერთ ადამიანს, ვინც მაგ პროგრამით დასაქმდა? პროექტი ჩავარდა, ხარჯი იქნა გაწეული ისე, რომ სხვა რაღაცაში შეიძლებოდა მაგ ხარჯების უფრო ეფექტურად გამოყენება, “

მერიის პროექტმა, ადამიანებს “დასაქმებისთვის პრაქტიკული უნარ–ჩვევები” უნდა გამოუმუშავოს, დაწყებითი სამთვიანი ინგლისური ენისა და კომპიუტერის ერთთვიანი კურსებით, თუმცა, თუკი სხვადასხვა დასაქმების ონლაინ, თუ ბეჭდვითი გამოცემების ზოგად სტატისტიკას დავეყრდნობით (გაზეთი “სიტყვა და საქმე” www.dasaqmeba.com , www.work.ge, www.gancxadebebi.ge , www.promote.ge, ) დასაქმებასთან დაკავშირებული  თემებია გახსნილი თითქმის ყველა ფორუმზე –www.forum.ge, www.gestudio.ge, www.conmpinfo.ge, www.arCevani.ge www.saqme.ge), განყოფილებაში “ვეძებ სამსახურს,” თითქმის ყოველ მეოთხე სამსახურის მაძიებელს უწერია საკუთარ უნარ-ჩვევებში “ვფლობ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს, ინგლისურს საშუალოდ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი