ახალი ამბები

ლიზა იასკო საქართველოშია და სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს

5 ოქტომბერი, 2021 • 1487
ლიზა იასკო საქართველოშია და სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს

რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პარტნიორმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განცხადება გუშინ სოციალური ქსელით გაავრცელა.

ვიდეომიმართვაში იასკო ამბობდა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან კომუნიკაციისგან თავს იკავებდა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი იყო, საარჩევნო პროცესს საქართველოში მშვიდ გარემოში ჩაევლო და სხვადასხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია მისი და სააკაშვილის ურთიერთობის შესახებ მედიაში ნომერ პირველი საკითხი არ გამხდარიყო. რადას დეპუტატის თქმით, პირადი საკითხები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არაა და მიიჩნევს, რომ სააკაშვილი უკანონოდაა დაკავებული.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ლიზა იასკოს კომენტარი არ გაუკეთებია მედიასთან, მისი თქმით, ჟურნალისტების კითხვებს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ უპასუხებს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ახალი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი