ახალი ამბები

სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

5 ოქტომბერი, 2021 • 786
სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში არალეგალური გზით შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ მამა-შვილს — ზურაბ და შალვა წოწორიებს — სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“ზურაბ წოწორიამ და შალვა წოწორიამ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელბის მიერ. მიუხედავად ამისა, მათი აქტიური ქმედებით, 2021 წლის 28 სექტემბერს, ღამით და 29 სექტემბერს, დილის საათებში შალვა წოწორიას კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილით უზრუნველყვეს ელგუჯა ცომაიას და 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის და 365-რ მუხლის მესამე ნაწილით მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ქალაქ ფოთიდან აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყვირში”, – განმარტა პროკურორმა, გიორგი ხაჩიძემ პროცესზე.

ზურაბ და და შალვა წოწორიებს ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და ითვალისწინებს სასჯელს ერთიდან ოთხ წლამდე.

ადვოკატი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5-5-ათასიანი ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვდა. სასამართლოზე ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ თანხას სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა, მზად იყო გირაოს სახით საკუთარი უძრავი ქონებით უზრუნველყოფისთვისაც.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ წოწორიებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთიდან აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში გადაიყვანეს.

ბრალდებულებს აღნიშნული ფაქტი არ უარუყვიათ, თუმცა დაცვის მხარემ განმარტა, რომ წოწორიების მიმართ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა, რადგან სააკაშვილის მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო.

“ზოგადად, საქმეში საერთოდ არ მოიპოვება მტკიცებულება იმ ნაწილში, რასაც დღეს ბრალდებულებს ედავებიან. ის ნორმა, რაც ბრალდების სახით აქვთ წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში. რას ედავება, ბრალდების მხარემ თავადაც არ იცის, რადგან განსაზღვრული ნორმა არ არსებობს.

ანუ დანაშაულის დაფარვაში რასაც გულისხმობს პროკურატურა, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება. რაში გამოიხატება დანაშაულის დაფარვა, ხელი შეუშალეს რაიმე დანაშაულის გახსნას? “,— განმარტა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა განაცხადა, რომ წოწორიებმა სააკაშვილის ტრანსპორტირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანაშაული დაფარეს.

“ვედავებით იმ დანაშაულის დაფარვას, რაზეც მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის დაფარვა გულისხმობს დამნაშავის დაფარვას და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს აქვს გაკეთებული განმარტება, და შესაბამის გადაწყვეტილებაში ნათლად და ცალსახად არის მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა ეს არის, როგორც დამნაშავის დაფარვა, ასევე დანაშაულის კვალის, საგნის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნის დაფარვა, მათ შორის დამნაშავის, და როდესაც პირი, რომელიც სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის მსჯავრდებული, რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე”, – განმარტა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, წოწორიების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს მიგრანტის უკანონოდ შემოყვანის საქმეზეც და მტკიცებულებების შეკრების შემდეგ, პროკურორის თქმით, ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე პატიმრობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა, მხოლოდ ფორმალურად, რადგან სააპელაციო სასამართლოს იმედი არ აქვთ.

წოწორიების საქმის წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი