ახალი ამბები

Pandora Papers-ის დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა

4 ოქტომბერი, 2021 • 1243
Pandora Papers-ის დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 300-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსისა და მათთან დაკავშირებული პირების შესახებ ოფშორებში დამალულ ქონებასთან დაკავშირებით მასალები “პანდორა ფეიფერსის” სახელით გამოაქვეყნა.

კონსორციუმის თანახმად, “პანდორა ფეიფერსი” მოიცავს 11.9 მილიონზე მეტ კონფიდენციალურ ფაილს 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური პირების შესახებ.

გავრცელებული ფაილები, მათ შორის, მოიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ალიევების ოჯახის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას.

გამოჟონილი ფაილების თანახმად, ვირჯინიის კუნძულებზე 1998-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 12 კომპანია, თუმცა ფაილები ამ კომპანიების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას მოიცავს.

ICIJ-ის თანახმად, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია “Silverpot Holdings Ltd.” შეიქმნა საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების სამართავად. კიდევ ერთი კომპანია “Brighton Corporate Ltd” იმ მიზნით დაარსდა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ერთად დაეფინანსებინა რიგი პროექტები კომპანიის საკუთრებაში არსებული კაპიტალის აქციებთან ფარდობის საფუძველზე.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები/ICIJ

ფაილებში საუბარია კომპანია Finseck-ის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან და შეიქმნა ივანიშვილის შვილებისთვის.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი აერთიანებს 280 გამომძიებელ-ჟურნალისტს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან. ის თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა BBC, Guardians, NY Times და სხვა.

“პანდორა ფეიფერსი” 117 ქვეყნიდან და 150 გამოცემიდან 600-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს. ის არის გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის აქამდე განხორციელებული ყველაზე დიდი კოლაბორაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი