ახალი ამბები

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი მხარს უჭერს II ტურებში ბრძოლას

3 ოქტომბერი, 2021
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი მხარს უჭერს II ტურებში ბრძოლას

ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული დარჩა არჩევნების შედეგებით, განსაკუთრებით თბილისის ნაწილში. ამის შესახებ ხერხეულიძემ ციხეში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს ესმის, თუ რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა და რა წნეხის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება. ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ არჩევნებზე ენმ-ის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი სინამდვილეში გაცილებით მაღალია.

ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილს ჰკითხა, რას ფიქრობდა მეორე ტურებში მონაწილეობის საკითხზე, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ “გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი” და “ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა”.

“განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ მან ეს თავისი დიდი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს”, – აღნიშნა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დღეს სააკაშვილის წერილი გავრცელდება, სადაც ეს უკანასკნელი საჯაროდ მიმართავს ნიკა მელიას, ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით  2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი, მათ შორის, ვერც თბილისში. ამასთან ოპოზიცია, სავარაუდოდ, მოახერხებს რამდენიმე საკრებულოში მმართველი გუნდის ოპოზიციაში გადაყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი