ახალი ამბები

თვალთვალი და მოსმენა მიუღებელია – საპატრიარქოს განცხადება

29 სექტემბერი, 2021 • 1048
თვალთვალი და მოსმენა მიუღებელია – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო სუს-ის შესაძლო ფაილების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, ამ ფაილების გავრცელება ეკლესიის წინასაარჩევნო დებატებში ჩართვისკენ იყო მიმართული.

“მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. „სუსის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

გაურკვეველი წარმომავლობის გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია; ერთი კი ცხადია: ამ მასალამ ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს მისცა ცილისწამების, პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ჭორების გავრცელების საშუალება, რაშიც სხვებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი თავისი სკანდალური ქმედებებით ცნობილი რამდენიმე სასულიერო პირი, ე.წ. თეოლოგები, საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი ტელევიზია”, – წერია საპატრიარქოს განცადებაში.

საპატრიარქოს თანახმად, მედიის ნაწილი “არის დანაშაულის ხელშემწყობი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით”.

“ამასთან, იკვეთება აღნიშნული ტელევიზიებისა და, ზოგადად, მასმედიის ორმაგი სტანდარტიც: საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორი მკვეთრად უარყოფითი რეაგირება ჰქონდათ მათ (ისევე, როგორც ყველას) არცთუ ისე დიდი ხნის წინ მასმედიის წარმომადგენლებზე და სხვა პირებთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ეთერში გაშვებაზე. ახლა კი თვითონ არიან დანაშაულის ხელშემწყობნი, – ცილისწამების მთავარი და ყველაზე ფართომასშტაბიანი გამავრცელებელნი, მათ შორის შერჩევითობის პრინციპით.

მაგ. ადრინდელ მნიშვნელოვან მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ ეთერში არაფერი გაჟღერებულა თუნდაც იმ საუბრების შესახებ, სადაც მღვდელმთავრების დაპატიმრებასა და საპატრიარქოს შტურმით აღებაზეა საუბარი; ეს ხომ მეტად საგულისხმო ინფორმაციაა?”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს თანახმად, გავრცელებული ფაილები ვერ გამოდგება ეკლესიის წევრი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მიზეზად.

“ცნობილია, საეკლესიო სასჯელის დადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს; ამიტომაც აღნიშნული ფაილები, მათთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო, გადაწყვეტილების მისაღებად გამოუყენებელია.

თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, უკანონო თვალთვალი და მოსმენები მიუღებელია.

“გვინდა, ასევე, განვაცხადოთ: იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხდებოდა მღვდელმსახურთა უკანონო თვალთვალი და მოსმენები, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან ასეთი ქმედება, უპირველეს ყოვლისა, საფრთხეს უქმნის სასულიერო პირებისა და მრევლის კომუნიკაციას და არღვევს ქრისტიანულ სწავლებაში აღსარების გაუთქმელობის უმთავრეს და ხელშეუხებელ პრინციპს, დაცულს, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.

ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში, სწორედ ამის გამო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კი მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს როგორც სასულიერო, ისე საერო პირთა უკანონო თვალთვალისა და მოსმენების გამო, ასევე, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან მასალის გავრცელებაზე პასუხისმგებელნი”, – აცხადებს საპატრიარქო.


ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი