“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დეპუტატი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი.
“არანაირი მოლოდინი არ არსებობს შეწყალების”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე.
“ეს არის არა მხოლოდ სამართლებრივი განაჩენი, ეს არის, მათ შორის, სააკაშვილის პოლიტიკური განაჩენის საფუძველიც. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება”, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა ახალ საქმეებს ამზადებს სააკაშვილის წინააღმდეგ.
“რა საჭიროა ახალი საქმე, ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა 8 მილიონის გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელიც უნდათ, პიჯაკების საქმედ შეფუთონ, და “ტვ იმედის” საქმეზე განაჩენი არ არის დამდგარი”, — თქვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი ასევე აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
“თქვენ იცით, რომ მეგის ქარდავა წლების განმავლობაში იყი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, კიევში, მაგრამ, საბოლო ჯამში, მოხერხდა და გადმოეცა საქართველოს. შეიძლება ამას დასჭირდეს დრო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა განაჩენი აღსრულდება”, — დასძინა შალვა პაპუაშვილმა.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლა დააანონსა.
ამ თემაზე: