ახალი ამბები

გამყრელიძე გაძლიერებული კამპანიით დამატებით მაქსიმუმ 200 ათასის აცრას ვარაუდობს

28 სექტემბერი, 2021 • 931
გამყრელიძე გაძლიერებული კამპანიით დამატებით მაქსიმუმ 200 ათასის აცრას ვარაუდობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, დამატებით შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 200 ათასი ადამიანის აცრა.

ამასთან დაკავშირებით NCDC-მ საკოორდინაციო საბჭოზე ვაქცინაციის სავალდებულო მექანიზმების რეკომენდაციები წარადგინა:

“არსებობს სავალდებულო ვაქცინაციის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მექანიზმები, რომლებიც აპრობირებულია რიგ ქვეყნებში და, იმედია, ჩვენთანაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დაახლოებით მილიონი ადამიანი გვყავს ახლა აცრილი, სულ მცირე, ერთი დოზით აცრილი და 760 ათასამდე- ორჯერადად.

იმის რესურსი, რომ უფრო გაძლიერებული საკომუნიკაციო კამპანიით ადამიანები თავისი ნებით მოვიდნენ ასაცრელად, როგორც აქამდე მოდიოდნენ, ჩემი გათვლებით არის 150, მაქსიმუმ 200 ათასი, მეტი არა. იცით, რომ 60%-ია სამიზნე, ანუ 1.7 მილიონი. ჩვენ კიდევ მეტი გვინდა. სასურველია, რომ დელტა შტამის დროს აცრილი კიდევ მეტი იყოს”, — განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ივნისისა და აგვისტოს თვეში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ იმ პერიოდისთვის კორონავირუსის გადატანის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ის ფარგლებში იყო. NCDC-ის დირექტორის განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ საქართველოში კუმულაციური იმუნიტეტი თანდათან იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი