ახალი ამბები

თვითმმართველობების საკითხები თვითმმართველობის არჩევნებს მიღმა

30 სექტემბერი, 2021 • 1038
თვითმმართველობების საკითხები თვითმმართველობის არჩევნებს მიღმა

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. შაბათს ქვეყნის მასშტაბით 64 ოლქში მერობის კანდიდატები და საკრებულოს წევრები უნდა აირჩიონ. აქედან 5- თვითმმართველ ქალაქში, 59 კი – თვითმმართველ თემში.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მუნიციპალურია, ექსპერტების თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში ადგილობრივი საკითხები მეორე და მესამეხარისხოვანია.

ადგილობრივი საკითხები თვითმმართველობის არჩევნებზე

როგორც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პირველი ადგილობრივი არჩევნებია საქართველოში, როდესაც თვითმმართველობის საკითხი პარტიებისთვის მეორე და მესამეხარისხოვანია.

მელაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ინტერესში არ შედის პირველადი მნიშვნელობის საკითხი, თუ რა აწუხებს მოსახლეობას, და საერთო-ეროვნულ შედეგზე არიან კონცენტრირებული, რაც ელექტორატში არსებული ნიჰილიზმის ერთ-ერთი მიზეზია:

“ადამიანები კანდიდატებთან როცა მიდიან შეხვედრაზე, ნაცვლად იმისა, რომ მოისმინონ, თუ როგორ მოგვარდება მათი სოფლებისა თუ ქალაქების პრობლემები, ოპოზიციიდან ძირითადად ესმით საუბარი რეფერენდუმსა და ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებაზე.

მოსახლეობა ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ვერ ხედავს თავის ადგილსა და იმ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას, რომელიც მას აწუხებს” ,— ამბობს მელაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ოპოზიციასთან ერთად, ეს ეხება „ქართულულ ოცნებასაც“, რადგან მისი ძირითადი სამიზნე მისი ოპონენტები არიან  და არა — ადგილობრივი პრობლემები.

როგორც მელაშვილი ამბობს, ეს დამოკიდებულება ასახულია პარტიების საარჩევნო პროგრამებში, რაც გამოიხატება შემდეგში: ზოგ პარტიას პროგრამა საერთოდ არ აქვს, ზოგის პროგრამა კი ფლაერებზე მოკლედ დატანილი 2-3 საკითხით შემოიფარგლება:

„მერობისა და მჟორიტარობის კანდიდატები ნაკლებად საუბრობენ რეალურ საარჩევნო პროგრამებსა და ამა თუ იმ მუნიციპალიტეეტის პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. ეს არის ოპოზიციური ტაქტიკა“, — ამბობს ირაკლი მელაშვილი.

მელაშვილის აზრით, ოპოზიციის არჩეული ტაქტიკა არასწორია, რადგანაც, ექსპერტის თქმით, საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ ცვლილებისთვის მხოლოდ ხელისუფლებით უკმაყოფილება საკმარისი არაა.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი იხსენებს, რომ ცვლილება ქვეყანაში ორჯერ — 2003 და 2012 წლებში — მოხდა. მისი თქმით, მოსახლეობას ხელისუფლება არც 1998 ან 2006 წელს მოსწონდა, მაგრამ განსხვავებით ამ წლებში ჩატარებული არჩევნებისა, 2003 და 2012 წლებში ამომრჩეველს იმედს პირველ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, მეორეში კი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა:

„მოქალაქეს უნდა იმედი. მან რომ შეცვალოს ხელისუფლება და მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ვინც მოვა, უკეთესს გააკეთებს. სააკაშვილი 2003 წელს ამის იმედს იძლეოდა ისევე, როგორც ივანიშვილი 2012-ში. დღეს ამ იმედს არავინ იძლევა.

ცვლილებას სჭირდება, რომ მოსახლეობას იმედი ანახო, პოზიტივი ანახო და როცა ყველა ნეგატივზეა აგებული, ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია იმიტომ, რომ ბიუჯეტი უჭირავს ხელში და ეუბნება, რას გააკეთებს. ამ კუთხით ოპოზიციამ სერიოზული შეცდომა დაუშვა“ ,— ამბობს მელაშვილი.

ირაკლი მელაშვილი

 

მისი თქმით, საქართველოში ყოველთვის იყო ნეგატიური საარჩევნო კამპანია, მაგრამ ისეთი, როგორიც ახლა, განსაკუთრებით კი, თვითმმართველობის არჩევნების დროს, მელაშვილს არ ახსოვს:

“საერთოდ პოლიტიკოსებს ახასიათებთ ერთი შეცდომა, მეც დიდხანს ვიყავი პოლიტიკაში და ეს შეცდომა დამიშვია. მათ ჰგონიათ, შეკრებისას რაზეც თავად საუბრობენ, სოფელ ოფშკვითში ორი გლეხი რომ დაჯდება, იმავე თემებზე საუბრობს. სჯერათ, მოსახლეობას იგივე საკითხები აწუხებს, რაც პოლიტიკურ ლიდერებს.

ეს შეცდომაა — იმ ხალხს თავიანთი პრობლემები აქვს და პოლიტიკური პარტიები იმდენად დაშორდნენ მოსახლეობას, საკუთარი პარტიის წევრებთანაც დაკარგული აქვთ უკუკავშირი და, მით უმეტეს, მოსახლეობასთან. ამას პარტიების სტრუქტურაც უწყობს ხელს, ეს არის ლიდერების ქვეშ შექმნილი დაჯგუფებები. ასეთ ვითარებაში არიან დაშორებული რეალობას” ,— უთხრა ირაკლი მელაშვილმა ნეტგაზეთს.

მსგავსი მოსაზრება აქვს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ კოტე კანდელაკს. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გამონაკლისების გარდა, თითქმის ვერ ვხვდებით თვითმმართველობის საკითხებზე კონცენტრირებულ წინასაარჩევნო პროგრამებს და მთლიანი აქცენტი ე.წ. რეფერენდუმზეა გადატანილი.

კანდელაკის შეფასებით, ამის მიზეზი პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა და მსგავსი მიდგომით პარტიებს ამომრჩევლის მოზიდვის იმედი აქვთ:

“ზოგადად, მშვიდ და წყნარ გარემოში როცა ტარდება მუნიციპალური არჩევნები, ამომრჩევლის მოლოდინიც შესაბამისია ხოლმე. საქართველოში ნაკლებად იყო ასეთი თვითმმართველობის არჩევნები, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, როდესაც კონცენტრაცია იქნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების მოგვარებაზე.

დღესდღეობით, ზოგადი ყოფითი პირობებიდან გამომდინარე, ამომრჩეველიც პარტიებისგან მაინც ისეთი საკითხების მოგვარებაზე საუბარს ითხოვს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებს სცდება” ,— ამბობს კანდელაკი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, ამგვარია დასაქმების პრობლემა, პენსიები და სოციალური საკითხები, რომლის მოგვარებაშიც დიდი წვლილი ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს. კანდელაკი აღნიშნავს, რომ ამგვარ მიდგომაში პოლიტიკოსებს ამომრჩევლებიც აჰყვნენ.

მისი თქმით, ამომრჩეველს გარკვეულწილად ადგილობრივი საკითხები აინტერესებს, თუმცა პოლარიზაციის პირობებში და იმის დონეზე, რომ ქვეყანაში დეცენტრალიზებული მმართველობა განვითარებული არაა, ხალხიც მიიჩნევს, რომ ადგილზე პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ ცენტრალური ხელისუფლება არ შეიცვლება:

„სამწუხაროდ, ამას ჩვენი გამოცდილებაც ხელს უწყობს — ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს ყველაფერს ადგილებზეც. გვსმენია კიდეც შეხედულება, რომ ოპოზიცია თუ გაიმარჯვებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, ცენტრი დასჯის, აღარ გამოუშვებს ფინანსებს და ა.შ. სწორედ ამ რიტორიკაზე აწყობს ხოლმე ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი ძალა თავის საარჩევნო კამპანიას“, — ამბობს კანდელაკი.

მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც შედეგები უფრო მრავალფეროვანი იყო, 2006 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყოველთვის მმართველი პარტია იმარჯვებდა. აქედან გამომდინარე, კანდელაკის თქმით, მცირე გამონაკლისების გარდა, ამომრჩევლები ნაკლებად სთხოვენ კონკრეტულ პარტიებს პროგრამების წარდგენას და ძირითადად აკვირდებიან, თბილისში რა მოხდება და როგორ განაწილდება ძალები:

„ასეთი სტრატეგიაც აირჩიეს ძირითადმა მოთამაშეებმა. მართალია, ხელისუფლება არ საუბრობს, რომ ეს არჩევნების რეფერენდუმის დატვირთვას ატარებს, მაგრამ ისიც ამ მიმართულებით მოძრაობს, რომ 43%-ზე მეტი დააგროვოს. ამ პროცენტზე გამოდევნება, რეფერენდუმის გამოძახილია.

მათი კანდიდატები უფრო საუბრობენ ამომრჩევლებთან ადგილობრივ საკითხებზე, მაგრამ მათი რიტორიკაც აქეთაა მიმართული. ახალი პარტიებიც ნაკლებად საუბრობენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე“ ,— ამბობს კანდელაკი.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ნეტგაზეთს ეუბნება, მათი პარტია ორიენტირებულია როგორც საერთო-ეროვნულ შედეგზე, ასევე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში გამარჯვებაზეც.

დეკანოიძის თქმით, მისი კამპანიაც ორივე კომპონენტს მოიცავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ცვლილების გარეშე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ცვლილების მიღწევა რთულად წარმოადგენია:

„ჩემი კამპანია ორი ნაწილისგან შედგება: პირველი არის ეროვნულ-პოლიტიკური, რაც გულისხმობს რეფერენდუმს და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების აქტიურობას, რათა ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშორდეს ძალაუფლებას ვადამდელი არჩევნების გზით. ეს არის მართლაც ეროვნული ამოცანა.

მეორე, ეს გულისხმობს ხელისუფლების შეცვლის პირობებში როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა, თვითმმართველობის რეფორმა. ქუთაისზე ჩვენ გვაქვს გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს პარლამენტის დაბრუნებით და ა.შ.“, — ამბობს დეკანოიძე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

ხატია დეკანოიძე

დეკანოიძე აცხადებს, რომ საერთო-ეროვნული ამოცანა ქვეყნის გადარჩენისა და ევრო-ატლანტიკური კურსის შენარჩუნებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მით უმეტეს, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისა და ტოტალური კონტროლის პირობებში, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის წარმოადგენს დაბრკოლებას.

მისი თქმით, აღნიშნული ესმის მათ ამომრჩეველსაც:

„გულწრფელად გითხრათ, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ არჩევნების ხარისხი დაეწია და სხვა ხარისხში გადაეყვანა. კი, მნიშვნელოვანია ყველაფერი იმ კონტექსტში, რომ მთელი ქვეყანა ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეს“, — ამბობს დეკანოიძე.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიციისთვის ასევე მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მათი კანდიდატების გამარჯვება და ამ ორი საკითხის განხილვა ცალ-ცალკე არ შეიძლება. კერძოდ, დეკანოძე აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია დიდ ქალაქებში გამარჯვებას მიაღწევს, არჩევნებსაც მოიგებს. ევროპელი პარტნიორების ზეწოლის შედეგად კი ხელისუფლება იძულებული გახდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს:

“მე არ მგონია, რომ შესაძლებელია, სადღაც გავიმარჯვოთ და სადღაც წავაგოთ. „ქართული ოცნებისთვის“ დიდი ქალაქების წართმევა ნიშნავს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და მართლაც დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. რეფერენდუმის ჭრილშიც და მის მიღმაც, ყველა ბრძოლა ამ ქვეყანას სჭირდება, ცალ-ცალკე ვერ განვიხილავთ“, — ამბობს დეკანოიძე.

ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატის თქმით, შესაბამისად, ოპოზიციის სტრატეგია გამარჯვების სტრატეგიაა, რომელიც არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებასაც განაპირობებს.

რა ტენდენციები იყო წინა თვითმმართველობის არჩევნებზე

კანდელაკის თქმით, თუ დავაკვირდებით წინა არჩევნებს, იკვეთება, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ უფრო ხშირად პარტიები საუბრობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე და ყურადღების მიღმა რჩებოდა ისეთი მასშტაბური საკითხები, როგორიცაა თვითმმართველობის გაძლიერება და მართვაში ადგილობრივი მოქალაქეების ჩართულობა.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი თითქმის ყველა პარტია ამომრჩეველმა ხელისუფლებაში მეტ-ნაკლებად უკვე იხილა, თუმცა არცერთ მათგანს თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

მისი განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოში არჩევნები ყოველთვის პოლარიზაციის ფონზე მიმდინარეობდა და ძირითადი მესიჯი, რომელიც პარტიებს ჰქონდათ, „ის ცუდია, მე კარგი ვარ“ იყო:

„ასეთი პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის წარმართვა პარტიებისთვის უფრო მარტივია, მარტივი მესიჯია „ის ცუდია, მე კარგი ვარ“, ლოკალური პრობლემები კი იკარგება.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნები რომ ჩატარდა 1998-ში, ავირჩიეთ საკრებულოები, იქ იყო ძალიან მრავალფეროვანი წარმომადგენლობა და, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი არ გააჩნდათ.  

2002-ში იყო კიდევ ერთი მცდელობა და საკრებულოებსა და თვითმმართველობებში  მას შემდეგ ვერ ვიღებთ პლურალისტურ წარმომადგენლობას. ყველა გადაწყვეტილებას მაინც ცენტრალურ ხელისუფლებაში იღებენ და ქვემოთ ჩამოდის ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, — ამბობს კანდელაკი.

კანდელაკი აღნიშნავს, რომ თუ საკრებულოს არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მას უამრავი ბერკეტი ექნება, პირდაპირი წესით არჩეული მერი შეზღუდოს, თუმცა პარტიები სვლას სხვა მიმართულებით აგრძელებენ და საერთო ეროვნულ შედეგზე ორიენტირებულ არჩევნებს ვიღებთ, რომლის დროსაც აღარაა მნიშვნელოვანი, კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში ვინ გაიმარჯვებს.

კანდელაკი აცხადებს, რომ წლევანდელი არჩევნები 2006 წლის შემდეგ ყველაზე პოლარიზებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შორის. მისი თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ასეთი პოლარიზება პირველადაა:

კოტე კანდელაკი, ფოტო: “რადიო თავისუფლება”

„ადგილობრივ არჩევნებზე ასეთი პოლარიზებული პირველადაა, თორემ დარღვევები რაც ფიქსირდება, იდენტურია წინა არჩევნების, ყველა არჩევნებზე გვხვდებოდა ეს. 2006 წლის არჩევნებს თუ გავიხსენებთ, იქაც იყო წინა დღემდე დაშინებები, კანდიდატურების მოხსნა და ა.შ. მართალია, მაშინ არც ისე დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა ასეთ ფაქტებს ადგილი. ამ მხრივ განსხვავება არ არის“ ,— ამბობს კოტე კანდელაკი.

თვითმმართველობების საკითხების ექსპერტი ირაკლი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ წინა თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტიები ოდნავ უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებული ლოკალურ პრობლემებზე, თუმცა საარჩევნო კამპანია ძირითადად მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ იყო ნაწარმოები.

„წინა თვითმმართველობის არჩევნებზე მაინც ადვილად პროგნოზირებადი იყო ყველაფერი, დღეს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ ჯერადობით არის გაზრდილი, რაზეც ძალიან ზრუნავენ მათი ლიდერები თავიანთი სიხისტით და იმით, რომ ნეგატივზე არიან ორიენტირებული.

მეორე მნიშვნელოვანი პროცესია, რომ გიორგი გახარიას გამოჩენამ მოიტანა ის, რომ დაიწყო ოცნების ამომრჩევლის კლება”, — ამბობს მელაშვილი.

მელაშვილის შეფასებით, პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზების ფონზე თვითმმართველობის საკითხებისთვის ბევრად უფრო მცირე სივრცეა დარჩენილი, ვიდრე ოთხი წლის წინ. როგორც ის ამბობს, ახლა ყველა საარჩევნო მესიჯი მორგებულია მოწინააღმდეგის ყველა მეთოდით დამარცხებაზე, ნაცვლად მოქალაქეებისთვის არსებული პრობლემური ვითარებიდან უკეთესი გამოსავლის შეთავაზებისა.

რა საჭიროებები აქვს ხალხს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს და მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდა, გამოკითხულებს სთხოვეს მათთვის და მათი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული და ადგილობრივი საკითხების დასახელება.

NDI-ს კვლევაში, ეროვნულ დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეული ასე გამოიყურება – სამუშაო ადგილები (41%); სიღარიბე (38%); ფასებში ზრდა, ინფლაცია (29%).

აღნიშნულ კითხვაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეული სოფლად და ქალაქად არ იცვლება, სხვაობა მხოლოდ პროცენტშია. კერძოდ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 46% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, როცა ქალაქებში ამ საკითხს გამოკითხულთა 38% ასახლებდა, თბილისში კი – 37%.

რაც შეეხება ადგილობრივ საკითხებს, გამოკითხვის მიხედვით გამოკვეთილი სამი მთავარი საკითხი ასე გამოიყურება: გზები (30%); წყლით მომარაგება (22%) გარემოს დაბინძურება (12%).

რაც შეეხება ჩაშლილ მონაცემებს, სამეული არ იცვლება სოფლად და ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის პასუხებში, თბილისში კი სამეული ასეთია – საგზაო მოძრაობა (24%), გარემოს დაბინძურება (22%), გზები (19%).

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც მოსახლეობის განწყობებს ასახავს, “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” მოამზადა. აღნიშნული კვლევაც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა.

IRI-ს კვლევის მიხედვითაც კითხვაზე, “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში”, პირველ საკითხად გამოკითხულთა 45%-მა უმუშევრობა დაასახელა, 20%-მა საცხოვრებელი ხარჯების გაძვირება, 8%-მა კი -სიღარიბე.

თუმცა IRI-ს კვლევაში, NDI-სგან განსხვავებით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეული ადგილობრივ დონეზეც უცვლელია.

კერძოდ, კითხვაზე, “რა პრობლემა აწუხებს თქვენს ქალაქსა თუ სოფელს ყველაზე მეტად”, გამოკითხულთა 36%-მა პირველ საკითხად უმუშევრობა დაასახელა, 18%-მა- ცხოვრების გაძვირებული ხარჯები, 7-მა კი — სიღარიბე.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 84 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 3.5 მილიონამდე ამომრჩეველი, რომლებმაც უნდა აირჩიონ მერები, მაჟორიტარები და ასევე, პარტიები, რომლებიც დააკომპლექტებენ საკრებულოებს.


მთავარი ილუსტრაცია: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი