Edison Research-ის კვლევის თანახმად, იმ ადამიანების 12%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, თვითმმართველობის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” უჭერს მხარს, 4% კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, იმ ადამიანების 2%, ვინც ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას “ლეიბორისტულ პარტიას” მისცემდა, ასევე 2% კი “ლელოს”.
კვლევის თანახმად, 74% აცხადებს, რომ არჩევნებზე კვლავ “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას.
“ფორმულას” ცნობით, Edison Research-ის კვლევის საველე სამუშაოები 12-დან 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 1 500 ადამიანი, ვინ 18 წელს არის გადაცილებული და ხმის მიცემის უფლება აქვს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.





