ახალი ამბები

“სუსტი ნაბიჯია, პასუხი ძლიერი იქნება” — ზელენსკი თავის თანაშემწეზე თავდასხმას გამოეხმაურა

23 სექტემბერი, 2021 • 1980
“სუსტი ნაბიჯია, პასუხი ძლიერი იქნება” — ზელენსკი თავის თანაშემწეზე თავდასხმას გამოეხმაურა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ძლიერი პასუხის” პირობას დებს მას შემდეგ, რაც კიევის სამხრეთით მისი ერთ-ერთი თანაშემწის მკვლელობა სცადეს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს როგორც უკრაინაში, ისე მის გარეთ დაგეგმილი თავდასხმა.

ინციდენტი 22 სექტემბერს, დილის საათებში მოხდა. სერგეი შეფირის მანქანას მინიმუმ 10 ტყვია მაშინ მოხვდა, როცა ზელენსკის თანაშემწე სოფელ ლესნიკიდან კიევისკენ მიდიოდა. დაჭრილია მძღოლი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. კრემლმა მომხდართან რაიმე ფორმით კავშირი კატეგორიულად უარყო. თავად შეფირის განცხადებით, თავდასხმა მიზნად ისახავდა “ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის” დაშინებას, თუმცა, მისივე სიტყვებით, ასეთი მცდელობები არ გამოდგება.

“უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს პრეზიდენტს ძალიან ძლიერი ნებისყოფა აქვს… და მისი დაშინება შეუძლებელია”, — ციტირებს BBC ზელენსკის თანაშემწეს.

თავად უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკში იმყოფება გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის, თქვა:

” “გამარჯობის” თქმა ჩემთვის, ტყიდან ჩემი მეგობრის მისამართით სროლის გზით, სუსტია. პასუხი ძლიერი იქნება”.

მომხდარს უკრაინის პოლიცია იძიებს. უწყების თქმით, თავდასხმა შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც სერგეი შეფირის საქმიანობას, ისე მთავრობის დესტაბილიზაციის მცდელობას.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, რომელიც ზელენსკის შტაბის უფროსის მრჩეველია, 22 სექტემბრის ინციდენტი არის პასუხი სახელმწიფოს მცდელობებზე, შეამციროს “ჩრდილოვანი ოლოიგარქების გავლენა საზოგადოებრივ საქმეებზე”.

თავდასხმა წინ უძღვის უკრაინელი ოლიგარქების კონტროლის შესახებ ზელენსკის კანონპროექტის განხილვას პარლამენტში. საუბარია უმდიდრესი ადამიანების მცირე ჯგუფზე, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ უკრაინის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

კანონპროექტის ძალით, ოლიგარქებს აეკრძალებათ როგორც პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ისე პრივატიზაციის პროცესებში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი