ახალი ამბები

შვედეთში მშობლებს შვილისთვის ვლადიმერ პუტინის დარქმევის უფლება არ მისცეს

21 სექტემბერი, 2021 • 1431
შვედეთში მშობლებს შვილისთვის ვლადიმერ პუტინის დარქმევის უფლება არ მისცეს

შვედეთში მშობლებს შვილისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელის დარქმევის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედიასაშუალება The Local ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, მშობლებმა შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს უნდა შეატყობინონ, თუ რა სახელის დარქმევა სურთ შვილისთვის. სწორედ აღნიშნულმა სააგენტომ განუცხადა უარი მშობლებს, რომლებმაც განაცხადით მიმართეს, რათა შვილისთვის ვლადიმერ პუტინი დაერქმიათ.

შვედეთის კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანის სახელი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანს. ასევე, კანონმდებლობით არ არის დაშვებული ისეთი სახელები, რომლებიც აშკარად ჰგავს გვარებს.

The Local-ის ცნობით, სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რომელი ზემოთ ჩამოთვლილი რომელი შეზღუდვიდან გამომდინარე აუკრძალა მშობლებს შვილისთვის ვლადიმერ პუტინის დარქმევა, თუმცა გამოცემის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააგენტო მსგავსი სახელის დარქმევაზე მშობლებს უარს ეუბნება. ასეთ აკრძალვებს შორის სხვადასხვა დროს მოხვდა ფორდი, ალაჰი, პილცნერი და Q.

მასალების გადაბეჭდვის წესი