ახალი ამბები

არჩევნები რუსეთში: პუტინის პარტიამ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა

20 სექტემბერი, 2021 • 1881
არჩევნები რუსეთში: პუტინის პარტიამ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა

რუსეთში ჩატარებული სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ „ერთიანი რუსეთი“ კვლავ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა.

პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებთან ერთად, ჩატარდა რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები.

თუმცა, 3-დღიანი არჩევნების მიმდინარეობისას არაერთი დამკვირვებელი, ჟურნალისტი თუ მოქალაქე ამბობდა, რომ მათ დარღვევები დააფიქსირეს. სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა საარჩევნო ურნებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ამსახველი ვიდეოები.

ასევე, რამდენიმე მედიამ, მათ შორის „დოჟდმა“ გამოაქვეყნა ვიდეოები, სადაც მოქალაქეები ჰყვებიან და აჩვენებენ, რომ არჩევნებზე ე.წ. გაქრობადი მელანი გამოიყენეს.

ამ დროისთვის ხმათა უმრავლესობა უკვე დათვალა რუსეთის საარჩევნო კომისიამ. მათი რწმუნებით, ხმათა 49,79% „ედინაია რასიამ“ აიღო. პარტიული სიით „ერთიანი რუსეთი“ 122 ადგილს მიიღებს, ამას დაემატება 199 ადგილი ერთმანდატიანი ოლქებიდან. ჯამში კი პარტია სახელმწიფო დუმის 450 ადგილიდან 323-ს დაიკავებს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს კომუნისტურ პარტიას აქვს 19% (დაახლოებით, 60 მანდატი), ხოლო „ლიბერალურ-დემოკრატიულს“ კი 7.5%.

მასალების გადაბეჭდვის წესი