ახალი ამბები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არჩევნების ჩატარება უკანონოა – საგარეო

20 სექტემბერი, 2021 • 813
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული არჩევნების ჩატარება უკანონოა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.

უწყება ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული რუსული არჩევნები არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ნათლად მიუთითებს ანექსიის პროცესზე.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში – რუსულ პარტიებთან ერთად – ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე,“ – წერია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ამავე წერილში უწყება განმარტავს, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე რუსეი აგრძელებს იძულებითი პასპორტიზაციის პროცესს და აღნიშნული რეგიონების ოკუპაციას – „რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს,“.

„აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში,“ – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.


რუსეთში სამი დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობდა. არჩევნების შედეგების თანახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობა კვლავ ვლადიმერ პუტინის პარტია „ედინაია რასიამ“ მიიღო, თუმცა, სადამკვირვებლო მისიები, ჟურნალისტები თუ მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ გაყალბების არაერთი შემთხვევა შენიშნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი